„სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელი დონეზე დატოვების შესახებ ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო“, – აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. მისი განმარტებით, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დაახლოების და ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასთან ერთად, სამომავლოდ განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება წლის განმავლობაში მოსალოდნელია.

„მართალია, ინფლაცია საპროგნოზო მაჩვენებლებით სამიზნესთან იქნება, თუმცა ჯერჯერობით კვლავ შედარებით მაღალია.

მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა, როგორც ჩვენი, ასევე სებ-ის შეფასებით, ნორმალიზაციისკენ მიდის. ეკონომიკური ზრდასთან ერთად ნორმალიზდება საკრედიტო აქტივობაც, ამიტომ მომავალში განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება ლოგიკური ნაბიჯია და საბაზისო სცენარია.

ასევე, მნიშვნელოვანია აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) გადაწყვეტილებები. წლის განმავლობაში ორი შემცირებაა დაგეგმილი, რაც ლარის განაკვეთის ქვემოთ დაწევასაც შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ოთარ ნადარაია.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკმა  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა და დღეისათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.