კონკურენციის სააგენტოს მიერ მოკვლევა 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ გასული წლის აგვისტოდან დაიწყო და ამას საფუძვლად დაედო 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„2022 წელს საწვავი იყო ძალიან ძვირი მთლიანობაში და ეს განპირობებული იყო კურსით და საერთაშორისო ფასებით ნავთობპროდუქტებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ დავინახეთ განსხვავებული ქცევა ამ მონიტორინგის პროცესში. ეს უკავშირდებოდა ერის მხრივ იმას, რომ გაიაფებული იმპორტის შემოდინება როდესაც დაიწყო საქართველოში, ეს სათანაოდოდ, დროის ოპტიმალურ პერიოდში არ აისახა საცალო ბაზარზე. ეს შეეხებოდა რუსეთიდან საწვავიდან იმპორტს, რადგან რუსეთი იყო ერთ-ერთი იაფი წყარო.

მეორეს მხრივ, ევროპიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში, ჩვენ დავინახეთ, საბაჟო საწყობებიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა აპრილ-მარტის თვეებში დაახლოებით 75 თეთრით იაფად საწვავის მიყიდვა, ვიდრე შედიოდა საკუთარ ქსელში, ივნის-ივლისში ეს იყო დაახლოებით 95-თეთრიანი მაჩვენებელი. ეს 2 საფუძვლად დაედო იმას, რომ მონიტორინგის პროცესიდან ჩვენ გადავსულიყავით მოკვლევის პროცესზე. 

მოკვლევის მიზანია გავარკვიოთ, რამდენად კეთილსინდისიერი იყო 2022 წლის 7 თვეში საწვავის რეალიზატორი კომპანიების ქმედება და ხომ არ უკავშირდებოდა ის რაიმე არასაბაზრო ძალების შედეგად ფორმირებულ ფასს. კვლევა დასკვნით ეტაპზეა და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პირველადი შედეგები შეიძლება გავასაჯაროვოთ თებერვლის თვეში“, - განაცხადა ლექვინაძემ.