ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობა რეკორდულ დონეზეა. გააქტიურებულია პორტში ახალი საკონტეინერო ტერმინალების მშენებლობაც. ცოტა ხნის წინ ყაზახურმა ჯგუფმა ფოთის პორტში მულტიმოდალურ ტერმინალის მშენებლობა და დიდი ინვესტიციები დააანონსა.

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ფოთში სრული აჟიოტაჟია, გააქტიურებულია ტერმინალების მშენებლობა, მაგრამ დღევანდელი სიტუაცია  ილუზორულია, რადგან ტვირთნაკადების მოცულობა შესაძლოა ერთ დღეში შეიცვალოს.

„ეს ინდუსტრია ძალიან მოწყვლადია გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან მიმართებით. მაგალითად ირანი ავიღოთ, რომელიც ამ თვალსაზრისით ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი კონკურენტია, დღეს იქ ემბარგო მოქმედებს, თუმცა წლების წინ არ მოქმედებდა, იმის გათვალისწინებით მოქმედებს თუ არა იქ ემბარგო ეს ჩვენზე პირდაპირ გავლენას ახდენს, როგორც კი ირანი გახსნილია, ჩვენთან ტვირთნაკადები მაშინვე იკლებს.

რაც შეეხება სხვა კონტექსტს, როგორც კი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთთან დაკავშირებით, ესეც აისახება. სომხეთის მუდმივი მოთხოვნაა აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნა, იმიტომ რომ ეს იყო მათთვის სასიცოცხლო, ფაქტობრივად სომხეთის მთელი ეკონომიკა ჩამოკიდებულია ლარსზე. სწორედ ასეთი ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს ტვირთებზე.

ახლა ომის ფაქტორი მოქმედებს, რომელმაც შექმნა ილუზია, რომ ტვირთნაკადები მნიშვნელოვნად გაგვეზარდა და „ავშენდით“, სულ ასე იქნება. ეს ილუზია, რომ „ავშენდით“ და „არიქა გვეშველა“ ბევრჯერ მაქვს ნანახი, რომელსაც შემდეგ მოჰყვება დანაკარგები და დიდი ზარალები. ამ ინდუსტრიაში გადარჩა ისინი, რომლებსაც მეტ-ნაკლებად გრძელვადიანი ხედვა ჰქონდა.

ფოთში სრული აჟიოტაჟია, გააქტიურებულია ტერმინალების მშენებლობა, მაგრამ ეს ილუზორულია, ტვირთნაკადების მოცულობა შესაძლოა ერთ დღეში შეიცვალოს. რა თქმა უნდა ყველას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მგონია რომ პატარ-პატარა კომპანიების ძირითადი ინვესტიციები დაკარგულია, ამიტომ სიფრთხილეს ვურჩევდი. აქ არ ვგულისხმობ თვითონ ნავსადგურს, რომლებსაც ნამდვილად აქვს გათვლები და ხედვები“, - ამბობს ირაკლი იაშვილი.