დაპირისპირებული პოლიტიკური სპექტრი, დაკავებული ოპოზიციური ლიდერები, მძაფრი კრიტიკა დასავლეთის მხრიდან – ასეთია ზოგადი პოლიტიკური სურათი საქართველოში. მმართველი პარტია და ოპოზიცია ვერ თანხმდებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ურთიერთკომპრომისს გამორიცხავენ, რაც სისუსტის გამოვლინებად აღიქმება. ისიც აღსანიშნავია, რომ სამეზობლოში ძალთა ბალანსი ჩვენს სასარგებლოდ არ იცვლება, რის შესახებაც ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ და ხელისუფლებას სათანადო დასკვნების გამოტანას ურჩევენ… ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.

 ამ ეტაპზე, ოპოზიციის და მმართველი პარტიის დაპირისპირება როგორ პოლიტიკურ სურათს ქმნის?

– ოპოზიციის და მმართველი პარტიის დაპირისპირება სულ უფრო ემსგავსება ჭირვეული ბავშვების ჩხუბს, სადაც წესები არ არსებობს და ორივე მხარე ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს მეორე მხარის დასაჩაგრად, რეალურად კი, პოლიტიკურ მოუსავლეთში გასაშვებად. ძნელი წარმოსადგენია, ახლო მომავალში ხელისუფლებისთვის ერთმანეთს გაეჯიბრონ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ან, გნებავთ, „ლელო“ და გახარიას პარტია. მით უმეტეს, ხელისუფლება გვიანონსებს საპარლამენტო კომისიის მუშაობის საფუძველზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას და ასეც მოხდება, თუ რამე არსებითად არ შეიცვალა საშინაო თუ საგარეო თვალსაზრისით.

 ხელისუფლებაში განხორციელებულ ბოლოდროინდელ საკადრო ცვლილებებზე რას იტყვით? ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობაში კობახიძის გუნდი ძლიერდება

– არ არსებობს კობახიძის გუნდი და ღარიბაშვილის გუნდი ან, გნებავთ, კალაძის გუნდი. არსებობს ივანიშვილის აქტივი, რომელიც პერიოდულად, მიმდინარე მომენტის ამოცანებიდან გამომდინარე, წინ წამოსწევს ხოლმე ხან ერთ, ხან მეორე პერსონას და საკმაოდ ოსტატურად იყენებს მათ შორის ინტერესეთა სხვაობას, ამა თუ იმ პიროვნების ხასიათის თავისებურებებს, რათა პერიოდულად დააპირისპიროს ისინი, მისთვის სასურველი კონფიგურაცია მიიღოს. ერთი პერიოდი აქცენტი კეთდებოდა ღარიბაშვილზე, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან გავრილოვის ღამის შემდეგ ექსორიაქმნილ კობახიძეზე, მერე კულუარებში გაიზარდა ლევან დავითაშვილის ავტორიტეტი და ერთხანს ის ესაუბრებოდა ამერიკელებს, ახლა ივანიშვილის დღის წესრიგში დადგა აღმასრულებელი ხელისუფლების ვერტიკალის გაძლიერების და კონსოლიდაციის ამოცანა და მან მეტი უფლებები მიანიჭა კობახიძეს, რომელიც ფაქტია, განათლებული, მიზანსწრაფული, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკოსია. სხვა საქმეა, რამდენად შეესატყვისება მისი როგორც მთავრობის მეთაურის და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის საქმიანობა საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ეროვნული ინტერესები, მოგეხსენებათ, სხვადასხვაგვარად აღიქმება როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, ისე ქართულ საზოგადოებაში.

 ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობა. ამ საქმის არაობიექტური გამოძიება რამდენად დააზიანებს ხელისუფლებას და სახელმწიფოს?

– რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობა, ცხადია, რეზონანსული ამბავია და მისი მხოლოდ ფაქტობრივი მხარით შეფასება შეუძლებელია. ვფიქრობ, ამ ამბავმა ხელისუფლების იმიჯი სერიოზულად დააზარალა. რაც უნდა თვითკრიტიკულები და კრიტიკულები ვიყოთ, ქართული საზოგადოება იმსახურებს სრულყოფილ და ადეკვატურ ინფორმაციას, თუ რამ განაპირობა ეს შემთხვევა. ჩვენ მითქმა-მოთქმის საფუძელზე არ უნდა ვვარაუდობდეთ, რომ ვიღაც კორუფციული ფულის არაფორმალური გზებით დაბრუნებას ცდილობს. ასეთი რამ დამანგრეველია სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, კორუფციული დანაშაულისადმი შეურიგებელი უნდა იყოს საზოგადოება, ხელისუფლებაც, რასაკვირველია, მაგრამ ღიაობის გარეშე ასეთი ბრძოლის წარმოება დაუშვებელია. ჩვენ გვქონდა ამის ერთი მაგალითი „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში, როდესაც იყო სერიოზული და არსებითად, გარკვეული საფუძვლის მქონე მითქმა-მოთქმა იმაზე, რომ შევარდნაძის პერიოდის კორუმპირებულ პირებს თავისუფლების სანაცვლოდ მილიონები წაართვეს (სარალიძე და სხვები) და, ასევე, ზედაპირულად და უმისამართოდ, იმდროინდელი პირველი პირები ამაყობდნენ კიდეც, რომ ეს ფული სასიკეთო საქმეებს მოახმარეს (პარლამენტის ახალ შენობას ქუთაისში, გმირთა მოედნისა და საბურთალოს დამაკავშირებელ გზას და ა.შ. და ა.შ.), თუმცა, ერთი ჩემი ნაცნობი, როგორც სამთავრობო სპეციალური კომისიის წარმომადგენელი იკვლევდა, რამდენი და საიდან დაიხარჯა ახალი პარლამენტის შენობის აგებაზე ქუთაისში და ამ კომისიამ ვერანაირ დოკუმენტაციას ვერ მიაკვლია… ეს სახელმწიფო აღარ იყო, ავტორიტარული რეჟიმებიც კი არ იქცევიან ასე. ყველა ფული საქმეში ჩაიდო თუ ნაწილი საქმეში და ნაწილი ვიღაცების ჯიბეებში, დღემდე უცნობია. ბიძინა ივანიშვილი პრინციპულად ეწინააღმდეგება კორუფციას, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ რასაც ყვებიან თუ სინამდვილეა, ამ მეთოდებით ბრძოლამ შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს.

რაც შეეხება აჭარას, ეს მნიშვნელოვანი და დიდი პერსპექტივის რეგიონია, როგორც შავი ზღვის დასავლეთ საქართველოს მონაკვეთი მთლიანად. ამიტომ, აქ დიდი ფული ტრიალებს და კიდევ უფრო დიდი ფული შემოვა. შესაბამისად ეფექტური მმართველობაა საჭირო. მისასალმებელია, რომ აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე შეირჩა კანდიდატურა სულხან თამაზაშვილის სახით, რომელიც სათანადოდაა განსწავლული და წარმოადგენს აჭარა-ქობულეთის ავტორიტეტულ, პატრიოტული სულისკვეთებით გამორჩეულ წრეს. იმედი მაქვს, აქ მიმდინარე, უწინარეს ყოვლისა, ეკონომიკური პროცესები ქვეყნის ეროვნული ინტერესების თვალთახედვით, ეფექტიან კონტროლს დაექვემდებარება. მთავარია, რამე არ გამოგვეპაროს და ამ რეგიონის ეს იტორიული ბედისწერა მხედველობის არიდან არ დავკარგოთ. მე მივესალმე, თავის დროზე, თორნიკე რიჟვაძის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნას, არ მაგონდება ამ პოსტზე ზემო აჭარის წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც აჭარა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული გახდა, არადა, რეგიონი უაღრესად რთულია და ეროვნული მოღვაწეების,მათ შორის აჭარის მკვიდრების, სერიოზული შრომა ქართულ ეროვნულ სხეულში მის ორგანულად ჩაწერას მიეძღვნა. სელიმ ხიმშიაშვილის, შერიფ ხიმშიაშვილის, მემედ აბაშიძის, დედე ნიჟარაძის, გულო კაიკაციშვილის, ხასან თხილაიშვილის და ბევრი სხვა მამულიშვილის სერიოზული წვლილია ამაში. პროცესი ურთულესი იყო, ხდებოდა თურქული, რუსული და ჩვენი კავკასიელი ძმების ინტერესების სერიოზული გადაკვეთა. არც ის დავივიწყოთ, რომ 1918 წელს რეფერენდუმი, ვის შემადგენლობაში უნდოდა აჭარას ყოფნა, დამოუკიდებელი საქართველოს თუ თურქეთის, ხასან თხილაიშვილის და ქობულეთელების პრინციპულმა პოზიციამ ჩაშალა, ხოლო ზემო აჭარაში „სედაი მილეთმა“ იმ დროს არასასურველი როლი შეასრულა. 1918-1921 წლებში ქართულმა სახელმწიფომ დიდი შრომა გასწია, „სედაი მილეთის“ ზოგიერთი ლიდერიც კი მიიმხრო, მაგალითად, მუჰამედ ბეი ქესკინ ზადე – ბორჩხადან, გვარად კიკნაძე, რომელიც ერთხანს „აჭარის მთავარსარდალიც“ კი იყო, იმ ურთულეს დროში, ღია და ფარული დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, რუსული ფაქტორის მონაწილეობითაც, თბილისში მოკლეს 1921 წლის იანვარში… ცალკე მემედ აბაშიძის ღვაწლი და ტრაგიკული ისტორიაც გვახსოვს…
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ზემო აჭარის მკვიდრი რომ იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, კარგად განსწავლული, ყოველივე ქართულის და პატრიარქის პატივისმცემელი, ეს, უდავოდ, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მტკიცე ეროვნული ერთობის გზაზე, მას აჭარის მთიანეთში, როგორც ვიცი, ქრისტიანებიც და მაჰმადიანებიც პატივს სცემდნენ და ეს კარგი ფაქტი იყო. ხარვეზები და პრობლემები, რა თქმა უნდა, იყო და არის. სამწუხარუდ, მე იშვიათად ვარ აჭარაში, მაგრამ თვალს ვადევნებ მედიას. თუ რიჟვაძესთან დაკავშირებული გადაცდომები კრიმინალს წარმოადგენს და, მით უმეტეს, თუ ეს ყველაფერი მასშტაბური კორუფციაა, რა თქმა უნდა, პრინციპულად, ბოლომდე და ღიად უნდა იქნას გამოძიებული და არა კულუარული მითქმა-მოთქმის ფონზე, რასაც ასეთი სავალალო შედეგი მოჰყვა. აქ რიჟვაძეზე არ არის საუბარი, აქ მითქმა-მოთქმაზეა ლაპარაკი, რომ ვიღაცებს საკმაოდ დიდ ფულს სთხოვენ, ამ თემის აქტუალიზაციის თვალსაზრისით „ნაციონალები“ აქტიურობენ და მათი „გულისტკვილი“ (და არამარტო მათი) გასაგებია, მაგრამ მმართველი პარტიის ვალდებულებაა, ამ მოვლენის რეალურობის ან უარყოფის მიზნით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.

 – არანაკლებ მნიშვნელოვან მას შევეხოთ. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მიუსვლელობის გამო პოლიტიკოსების დაჭერა გრძელდება, რას ფიქრობთ?

– არ მივანიჭებდი ამ კომისიის საქმიანობას და დაჭერებსაც ზედმეტ მნიშვნელობას. ფორმალურად ყველაფერი რიგზეა და ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა კომისიის სხდომაზე გამოცხადება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათთვის სასურველი პარტიები არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას. ახლა ნაწილი ოპოზიციისა ამბობს, რომ ამიერიდან ისინი პოლიტიკურ საქმიანობას გადაიტანენ ქუჩაში. მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი, სალომე ზურაბიშვილი ამბობენ, რომ არც საარჩევნო კამპანიაში ჩართვა უნდა მოხდეს და არც ადგილობირივი თვითმმართველობის ბოიკოტირება. ეს უბრალოდ სხვაპლანატელი ქალბატონის შეფასებას ჰგავს. საერთოდ, არც დაჭერებამდე უნდა მისულიყო საქმე, ეს ხელისუფლებას ეხება, და არც პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტირებამდე. ისედაც, ამ ქვეყანაში „ნაციონალური ოპოზიციის ბევრს არ ესმის და კიდევ ერთი ტრიბუნა საზოგადოებისთვის თვალსაზრისის გაცნობის და შეჯერების, დაპირისპირების ოფიციალურ ხელისუფლებასთან, აწყენდა ოპოზციას? იგავმიუწვდომელი ახლომხედველობაა.

– სხვათა შორის, მმართველი პარტიის წევრების აზრით, ზემოაღნიშნული ლიდერები იმიტომ დაიჭირეს, რომ მათ კანონი დაარღვიეს

– როგორც მოგახსენეთ, ფორმალურად მართლები არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები. როგორც რომაელები იტყოდნენ Dura Lex Sed Lex. თუ ოპოზიციის უმრავლესობა ქუჩიდან ხელისუფლებაში მოსვლას უჭერს მხარს და უჭერდა მხარს მთელი არჩევნების შემდგომ პერიოდში, უნდა აღიარონ რევოლუციური გზის მარცხი და გამოაცხადონ ახალ ეტაპზე გადასვლა – ვთქვათ, მასობრივი საპროტესტო აქციების, საყოველთაო გაფიცვის, სახელმწიფოს ჩამოშლის და თვით შეიარაღებული აჯანყებისაც. ასეთი რამის უფლება ხალხს, თუ ის მართალია, პრინციპულია და საზოგადოების უმრავლესობა უჭერს მხარს, გაეროს ფუძემდებლური პრინციპებითაც აქვს. რახან ვერაფერს ოპოზიციამ თავი ვერ დაადგა, უნდა შეცვალოს სტრატეგია და შეწყვიტოს უნიათო მიეთ-მოეთი.

 რა გავლენას მოახდენს ეს პოლიტიკური კრიზისი თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმურობაზე, რამდენად რეალურია საფრთხე სამოქალაქო დაპირისპირებისა?

– კრიზისი ცუდია, საფრთხე რეალურია, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების. თუმცა, ბოლო 6 თვის პროცესებს თუ დავაკვირდებით, ძალები მაინც იმდენად არათანაბარია, რომ ოპოზიციის შანსი სიტუაციის რადიკალიზაციისა, ამ ეტაპზე, არ არსებობს. პოლიტიკური კრიზისი კი უნდა დაიძლიოს, ამას ტრაფარეტული თავაზიანობის გამო არ ვამბობ, ეს უნდა აწყობდეთ როგორიც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მომხრეებსაც.

 ოპოზიციურ სპექტრში შეუთანხმებლობას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაარმონაწილეობასთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდით?

– ნებისმიერ არჩევნებში პოლიტიკური ძალების მონაწილეობის მომხრე ვარ, თუნდაც, აპრიორი, წინასწარ გაყალბებული იყოს არჩევნები. ოპოზიციას ამის გააზრება მართებს. იქნებ, თუ გაყალბდება არჩევნები, მისმა გაპროტესტებამ გაამრავლოს საპროტესტო ელექტორატი. ამდენი დრო დაიკარგა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. თუმცა, მათიც მესმის, არც ადამიანური რესურსი აქვს სათანადო, არც ფინანსური, ორგანიზაციულადაც სუსტები არიან. არადა, ხელისუფლების შერყევას, მისი ინსტრუმენტების მონჯღრევას უნდა თავდადებული და სერიოზული მუშაობა. და მთავარი – ხალხის მიმხრობა, ახალი ხალხის დარწმუნება და მომხრეების გამრავლება. ამის შემძლეს ვერავის ვხედავ. და კიდევ გავიხსენებ, რომ „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ და ეროვნული ძალები ხელისუფლებაში საბჭოთა არჩევნების, უზენაესი საბჭოს არჩვენების შედეგად მოვიდნენ.

 ხომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური ელიტა განახლებას საჭიროებს?

– რა თქმა უნდა, აუცილებელიცაა. ამ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი პრობელემა ის არის, რომ მისი ლიდერები არიან იმ ყბადაღებული 9-წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი გადაცდომებისა და დანაშაულების ავტორები. რა თქმა უნდა, პროფესიონალი და გამოცდილი პოლიტიკოსები აუცილებელია დემოკრატიის ქვყენებში, მაგრამ ჩვენმა პოლიტიკოსებმა მძიმე მარცხის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლაც უნდა ისწავლონ, როგორც ეს დასავლეთის განვითარებულ დემოკრატიებშია. რაც შეეხება „ოცნების“ ელიტას, ის სხვათა შორის, სულ იცვლება პოლიტიკური ამოცანების შეცვლის კვალდაკვალ. ეს ივანიშვილის სტილია. მას უფრო ტექნიკური მთავრობა, განათლებული და კარგი შემსრულებლები სჭირდება და არა პოლიტიკოსები, ამ სიტყვის დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული გაგებით. სახელისუფლებო მხარეს პოლიტიკას თავად ბიძინა ივანიშვილი და მისი რამდენიმე მრჩეველი განსაღვრავს. ესაა რეალობა.

 საგარეო საკითხსაც შევეხოთ. ვხედავთ, რომ სულ უფრო მატულობს დასავლეთის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

– ეს ცუდია. რამდენად უსაფუძვლოც უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა დასავლეთისგან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი – აშშ და ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ გასული 35 წლის განმავლობაში. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებელი არსებობა მათი დამსახურებაცაა, რადგან რუსეთს არ უნდოდა და არც დღეს უნდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ახლა ამას დავამატებ ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივ ხედვასაც: ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დასავლეთის პოზიციები ადეკვატურად არ უნდა შევაფასოთ, რომ ყველანაირი კრიტიკა უნდა მივიღოთ და რუსეთს სამარადჟამოდ ვაგინოთ, უარვყოთ, ვებრძოლოთ, თუმცა კარგად უნდა მივადევნოთ თვალი ზღვარს, რომლის იქითაც, რუსეთის გამოისობით, აფხაზეთი და სამაჩაბლო საბოლოოდ დაიკარგება, საქართველო კი ისევ დაბრუნდება რუსეთის ორბიტაზე ფედერაციის სუბიექტის რეალური სტატუსით. მაგალითად, თათრეთი, ბაშკირეთი, დაღესტანი და ა.შ. რომლებსაც არა აქვთ რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლება და აქვთ ფორმალური, არსებითად, სახელმწიფოებრიობა. ასე რომ, უკვე დასავლეთის მტრებად ღიად დაფიქსირებულ საქართველოს მოქალაქეებს შევახსენებდი, რომ რუსეთთან გარდაუვალი მომავალი დაახლოების პროცესში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

 – არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩვენს სამეზობლოში, ამ მხრივ როგორ იცვლება ძალთა ბალანსი სამხრეთ კავკასიაში?

– ძალთა ბალანსი ჩვენს სამეზობლოში ჩვენს სასარგებლოდ არ იცვლება. ბოლო 2 წელია, მაშფოთებს სამხრეთ კავკასიის აფეთქების რეალური პერსპექტივა. მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თანდათან კიდევ უფრო იზრდება. ტრადიციულ რუსულ დაინტერესებას ამ რეგიონის კონტროლით ემატება ჩინეთის დიდი და მთავარი სტრატეგიული ინტერესი. ირანი თვლემს, მაგრამ ხელი არ აუღია თავის ძველთაძველ ზრახვებზე. თურქეთი კიდევ უფრო გაძლიერდა რეგიონში და ღიად მიჰყავს რეალობისკენ დევიზი „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“. პუტინის მიერ დასჯილი სომხეთი ზანგეზურის კორიდორზე თანხმდება, რაც თურქების პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს. რუსეთი უკრაინასთან დიდ ომშია, მაგრამ სამხრეთ კავკასიიდან გასვლას არ აპირებს და გიუმრიში (სომხეთი) თავის სამხედრო ბაზას აძლიერებს. ამას რუსეთ-აზერბაიჯანის ბოლო დღეებში გართულებული ურთიერთობებიც ემატება. ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ მშვიდობას, თუმცა წინ ვერ მივიწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ გვჭირდება გამჭრიახი ლიდერები, რომლებიც მომავალ სავარაუდო რეგიონულ დამანგრეველ კონფლიქტში ჩართვას ააცილებენ საქართველოს. მით უმეტეს, ამ სიტუაციაში, ამ ეტაპზე, სამხედრო თვალსაზრისით და გნებავთ სუვერენიტეტის თვალსაზრისით, არც რუსეთი უნდა გვეიმედებოდეს და არც არავინ. ერთადერთი, მეტ-ნაკლებად პრაგმატული თურქები თანმიმდევრულად უჭერენ მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას.

 დაბოლოს, როგორი იქნება თქვენი, როგორც ანალიტიკოსის რჩევა პოლიტიკოსებისადმი?

– პოლიტიკოსებს ვურჩევ, იყვნენ თანმიმდევრულები და მოემსახურონ ქვეყნის და საზოგადოების მწვავე სტრატეგიული და მიმდინარე პროლემების, ამოცანების გადაწყვეტას. ისინი სადღეისოდ რეალობისგან მეტისმეტად შორს არიან.

 ლაშა ხომერიკი

gazetiajara.ge