აშშ სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს, - ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ერევანსა და ბაქოს ზანგეზურის დერეფნის მართვის აშშ-თვის გადაბარება შესთავაზა.

„ისინი 32 კილომეტრიანი გზის შესახებ კამათობენ, მაგრამ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის. 32 კილომეტრიანი გზის საკითხი უკვე ათწლეულებია გაჭიანურებულია“, - განაცხადა ბარაკმა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ დერეფნის მართვის გადაბარებისას საუბარია ასწლიანი იჯარის შესახებ.

„ასე რომ, რაც ხდება ის არის, რომ საქმეში ამერიკა ერევა და ამბობს: „კარგი, კონტროლს ჩვენ ავიღებთ. მოგვეცით 32 კილომეტრის სიგრძის გზა ასწლიანი იჯარით და ყველას შეგიძლიათ მისით ისარგებლოთ“, - აღნიშნა თურქეთში აშშ-ის ელჩმა.