რატომ აპროტესტებს კლინიკების ნაწილი „დიარჯის“ შედეგად ამოქმედებულ ტარიფებს, განსაკუთრებით კი – სახარჯი მასალების მიმართულებით.

ამ კითხვაზე პასუხისას ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ  ეს კლინიკები მანამდე „ქერის ორმოში“ იყვნენ და ახლა აპროტესტებენ, რომ ვიღაცამ ისინი „ქერის ბაგასთან გადააბა“.

„DRG მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკმაოდ კარგადაა აპრობირებული და მერწმუნეთ სულაც არ შეინიშნება ამ ქვეყნებში სამედიცინო სერვისებზე რაიმე ტიპის ხარისხის პრობლემა, უფრო პირიქითაც. რაც შეეხება სახარჯი მასალის ფასს, კლინიკების მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სახარჯი მასალა, იქნება ეს ინდური იმპლანტი თუ ჩინური, ხარისხით ჩამოუვარდება ამერიკულ ან იაპონურს. ამაზე არავინ დაობს ნამდვილად, მაგრამ ეს იმპლანტებიც, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს, არის ჯანმოსა თუ ევროპის ჯანმრთელობის ასოციაციის მიერ აკრედიტებული.

ანუ რას ამტკიცებენ ჩვენი კლინიკები, რომ ჯანმო უხარისხო იმპლანტებს აძლევს აკრედიტაციას ? თუ ვერც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ შენიშნა ამ ინპლანტების ხარვეზები და ეს მხოლოდ ჩვენმა კლინიკებმა შენიშნეს ?!“ – აცხადებს ბაირახტარი.

მისი თქმით, როგორც ყველგან, ამ სფეროშიც გვხვდება პრემიუმ კლასის და ბიუჯეტური პროდუქცია, თუმცა მისი შეფასებით, უცნაურია, რომ პრემიუმ ხარისხი ბენეფიციარებს საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯზე შესთავაზო.

„ასეთი მომსახურება ევროპის ბევრ კლინიკას აქვს და მერწმუნეთ მათი სრული უმრავლესობა საერთოდ ჩახსნილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს და კერძო პაციენტებზე მუშაობენ. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ასეა, ჩვენთან რატომ არ გადიან კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან? ეს კითხვა, ასევე გახლავთ პასუხიც კლინიკების მიერ გაჟღერებულ კრიტიკაზე.

თუ ასეთი “არასწორი” კალკულაციაა გაკეთებული სამინისტროს მხრიდან, მაშინ გავიდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, მათ ძალით არავინ აკავებს. მაგრამ გეტყვით, რომ ორი კლინიკის გარდა არცერთს არ გამოუთქვამს პროგრამის დატოვების სურვილი და ამ ორმა კლინიკამაც პროგრამის არა სრული დატოვების შესახებ განაცხადეს, არამედ კონკრეტული კომპონენტი დატოვეს.

აქედან გამომდინარე კლინიკების დამოკიდებულება მარტივია, რაც მაღალია სახარჯი მასალის ფასი, მით მაღალი მოგება რჩება კლინიკას. კომერციულად ეს სავსებით გასაგებია, თუმცა მე არაერთხელ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, ბიზნესის კეთება სახელმწიფოს ხარჯზე არ არის ბიზნესის ჯანსაღი ფორმა,“ – აცხადებს ბაირახტარი.

jandacva.ge