რეფერენტული ფასების შედეგად ფარმაცევტული კომპანიები არ იზარალებენ, თუმცა დიდ მოგებაზეც ვეღარ გავლენ. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა მარინა ბერაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში, ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

„ძლიერი საკანონმდებლო ბაზა ყველაფერს დაარეგულირებს. ფარმაცევტული კომპანიების განზრახვა, რომ სხვა მხრიდან მიიღონ მეტი მოგება, ბუნებრივია. ისინი არ იზარალებენ. უბრალოდ, ისეთი დიდი მოგება აღარ ექნებათ, როგორც აქამდე ჰქონდათ. მე ვფიქრობ, რომ უკვე გავიდა საკმარისი დრო, მოგებაც ნახეს, ფინანსურადაც გაძლიერდნენ. ასე რომ, ახლა უკვე დროა, იმ ნორმალურ ყოფას დავუბრუნდეთ, რაც არის იმ ევროპულ ქვეყნებში, საითაც ჩვენ მივდივართ,“- განაცხადა ბერაძემ.

შეგახსენებთ: 19 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ შეთანხმებულ ქმედებაზე მორიგი მწვავე განცხადება გაავრცელა.  განცხადების თანახმად, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდებოდა.

ფარმაცევტულ კომპანიების ასოციაციამ ბრალდებები უარყო და ასევე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ფარმაცევტული სექტორის ავტორიტეტისა და რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართულად კამპანია მიმდინარეობს.