ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის ლელა სულაბერიძის შეფასებით, ახალი რეგულაციების შედეგად, შესაძლოა ფარმაცევტულ ბიზნესს იმდენად დიდი მოგება ვეღარ ჰქონდეს, როგორიც წინა წლებში ჰქონდა.

როგორც მან გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, ფარმაცევტულმა სექტორმა რეგულაციებს ფეხი უნდა აუწყოს.

„შესაძლოა იმდენად დიდი მოგება ფარმაცევტულ ბიზნესს ვეღარ ჰქონდეს როგორიც წინა წლებში ჰქონდა, თუმცა არაფერს განსაკუთრებულს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო არ ახორციელებს. ეს არის გავრცელებული პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბით. თითოეული პოლიტიკა რაც ჯანდაცვის ბაზარზე განხორციელდა გასული წლის მანძილზე, საკმაოდ გავრცელებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის, რეფერენტული ფასები.ამ უკანასკნელისა და  თურქეთიდან იმპორტის შედეგად, ბაზარზე მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ვსაუბრობთ ფარმაცევტულ ბაზარზე, სადაც ახალი რეგულაციების შედეგად ბაზარი უნდა ჩამოყალიბდეს იმგვარად, როგორი პრაქტიკაც გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში და არა მხოლოდ. თუკი ამ ყველაფერს ფეხს აუწყობს ფარმაცევტული სექტორი, არ მგონია, რომ რომელიმე კომპანია გაკოტრებამდე მივიდეს“, - განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

ლელა სულაბერიძემ ასევე, სექტორში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

„ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ჰქონდა ადგილი და სწორედ, ამის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს მიმართა. ვნახეთ, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში რიგ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე თეთრის სიზუსტით ერთი და იგივე ფასების დაფიქსირება მოხდა.

გვქონია შემთხვევა, როდესაც პაციენტისთვის მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ კონკრეტული პრეპარატი არ იყო ქვეყანაში მაშინ, როცა გარკვეული კომპანიების საწყობში ეს მედიკამენტები აღმოჩენილა, თუმცა ამას ბრალდების სახე, ამ შემთხვევაში, ვერ ექნება და ვერ ვიტყვით, რომ სისტემური ხასიათი აქვს“, - განაცხადა ლელა სულაბერიძემ.

business-partner.ge