საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის 9 თვე 102 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში რკინიგზის შემოსავალი 481 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით ნაკლებია, ხოლო წმინდა მოგებამ 102.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 176 მილიონი ლარით ნაკლებია.

წმინდა მოგების შემცირების მიზეზია ის გარემოება, რომ გასულ წელს ეროვნული ვალუტა გამყარდა, რამაც რკინიგზის მთლიანი ვალის მოცულობა ლარებში შეამცირა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 126.5 მილიონი ლარის შემოსავლად აისახა. შესაბამისად გასული წლის 9 თვის 278-მილიონიანი მოგების მნიშვნელოვანი მდგენელი საკურსო სხვაობით მიღებული მოგება იყო, წელს კი ასეთი დინამიკა აღარ დაფიქსირებულა. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის მოგება ძირითადად საოპერაციო მოგებას ასახავს და არა ფინანსურ შემოსავალს+საოპერაციო მოგებას.

საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის 481 მილიონიანი შემოსავალი შემდეგი წყაროებისგან შედგება:

  • სარკინიგზო გადაზიდვები - 261.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 33 მლნ ლარი;
  • ტვირთის მომსახურება - 63 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 3 მლნ ლარი;
  • ლოგისტიკური სერვისები - 105 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 12 მლნ ლარი;
  • ვაგონების ტრანს-სასაზღვრო მომსახურების მოსაკრებელი - 11.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 6 მლნ ლარი;
  • ვაგონების გაქირავება - 3.1 მილიონი ლარი, კლება 1.3 მლნ ლარი;
  • სამგზავრო გადაყვანები - 33 მილიონი ლარი, ზრდა 13 მლნ ლარი;
  • სხვა - 4 მილიონი ლარი, კლება 3 მლნ ლარი;
  • მთლიანი შემოსავალი - 481 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 10 მილიონი ლარი.

რკინიგზის საოპერაციო შემოსავლის კლების მიუხედავად, გაზრდილია კომპანიის სახელფასო დანახარჯი მასში დასაქმებული 12 ათასი პირის ხელფასებზე 175.7 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 31 მილიონი ლარით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, რკინიგზის აქტივების ზომაა 2.5 მილიარდი ლარი, ხოლო ვალდებულებებია 1.4 მილიარდი ლარი. მათ შორის ვალდებულებებში უმსხვილესია 2021 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7-წლიანი ევრობონდები, რომელიც კომპანიამ 2028 წელს უნფა დაფაროს. ამ ვალდებულების საპროცენტო განაკვეთი 4%-ს შეადგენს, რაც კომპანიის წინა ობლიგაციის 7.75%-იან განაკვეთზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

2024 წელს საქართველოს მთავრობა საქართველოს რკინიგზის რეორგანიზაციას და ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების ფარგლებში სექტორის ლიბერალიზაციას გეგმავდა. კერძოდ განიხილებოდა რკინიგზის სამ კომპანიად გაყოფის შესაძლებლობა, რათა ერთმანეთისგან განცალკევებულიყო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის (ლიანდაგების; ელექტროხაზების და სხვა ინფრასტრუქტურის) ფლობა და უშუალოდ სარკინიგზო სატვირთო და სამგზავრო ოპერირება. თუმცა, როგორც ირკვევა, რკინიგზის გაყოფა ვერ მოხდება, რადგანაც ევროობლიგაციის გამოშვების პერიოდში ამ ფასიანი ქაღალდის ერთ-ერთ ვალდებულებად განისაზღვრა ის, რომ კომპანია საკუთარი აქტივების გადაცემას არ მოახდენდა. შესაბამისად, კომპანიის გაყოფა ამ ვალდებულების გამო 2028 წლამდე არის შეზღუდული.

წყარო: bm.ge