ორივე მხარე ამტკიცებს, რომ თუ რამე იაფდება, ეს მათი დამსახურებაა, მაგრამ იმასაც ადასტურებენ, რომ ხალხი ამას დიდად ვერ გრძნობს

მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტების გაიაფების პირობა ძნელად სრულდება. ვერც დისტრიბუცია, ვერც სავაჭრო ქსელები ფასებს ვერ თმობენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებიდან 2 კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ სამომხმარებლო ფასებს ცვლილება თითქმის არ ეტყობა. თუ რამე იაფდება, ძირითადად აქციის ფარგლებში. თანაც, უმეტესად ის პროდუქცია, რომელზეც ფასი, გლობალური ტენდენციიდან გამომდინარე, ისედაც იკლებდა. სინამდვილეში არც ერთი მხრიდან პირობა არ შესრულებულა. მხარეებს ერთმანეთის გადაბრალებაში გაჰყავთ დრო.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში სურსათის ფასების კლების ტენდენცია აქციების სახით ფიქსირდება. ხელისუფლების ამოცანა ბიზნესის შეზღუდვა და რაიმე ტიპის ვალდებულებების დაკისრება არ არის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი, კონკურენტული და ეფექტიანი გარემო შეიქმნას", - განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ფასების კლების ტენდენციას ადასტურებენ როგორც დისტრიბუტორები, ასევე რითეილ სექტორის წარმომადგენლები, თუმცა რა იაფდება და რა მაჩვენებლით იკლო ფასებმა, დეტალებს არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს. ერთსაც და მეორესაც დრო ერთმანეთის გადაბრალებაში გაჰყავს, ამ დროს მოსახლეობა ზარალდება, რომელსაც პროდუქტის ყიდვა ხელოვნურად მაღალ ფასად უწევს. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ადასტურებს, რომ მოლაპარაკება ჯერჯერობით უშედეგოა და სასურველი შედეგი არ იქნება, სანამ რითეილ სექტორი ქეშბექისა და სხვა ტიპის გადასახადებს არ შეამცირებს, რაც დიდი ზეწოლაა დისტრიბუციისთვის.

,,დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე სურსათი იაფდება, მაგრამ მხოლოდ აქციის ფარგლებში, რაც მოსახლეობისთვის მისაღები არ არის. ჩვენი პოზიციაა, რომ პროდუქტი აქციის გარეშეც გაიაფდეს.

სადისტრიბუციო კომპანიებმა შეხვედრაზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვეს, რომ რითეილერთა მხრიდან თუკი ადგილი ექნება ფასების კლებას, ადეკვატურ ზომებს მიიღებენ. როდესაც საუბრობენ, რომ დისტრიბუციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი არ იდგმება, მაშინ გვითხრან, კონკრეტულად რომელი დასახელების პროდუქტებს აიაფებენ და რომელ ბრენდებს შეეხო, რაზეც პასუხი არ გვაქვს.

ამ ეტაპზე ფასები არის სტაბილური, რაც შესაძლებელია იაფდება, მაგრამ  დასახელებებს ვერ ჩამოვთვლი. ვხედავთ, რომ  კომპანიებს  მეტ-ნაკლებად სტაბილურად უჭირავთ ფასი. პროდუქტი გაიაფდება რეალურად, თუკი სავაჭრო ქსელები მაღალ ქეშბექებს, ბონუსებს და სხვა გადასახადებს არ მოგვთხოვენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ქეშბექის საფასური განაკვეთი 20%-დან 10%-მდე შემცირდეს. ამით შესაძლებელი გახდება, რომ პროდუქტი ნაკლებ ფასში გავყიდოთ აქციების გარეშეც. რითეილერთა მხრიდან ნაბიჯი რომ გადადგმულიყო, მოლაპარაკება  შესაძლებელი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა", - უთხრა ივა ჭყონიამ ,,რეზონანსს".

დისტრიბუტორთა პოზიციას იზიარებენ იმპორტიორებიც. კომპანია ,,დუს" ხელმძღვანელის დავით გოგიჩაიშვილის თქმით, მაღალი ქეშბექის გამო დისტრიბუციის მოგების მარჟა ძალიან დაბალია და სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, ფასების კლების საკითხი რეალურად ჩიხში შევა.

,,მაღალ ქეშბექს რითეილ სექტორი ძირითადად ბრენდებისგან ითხოვს. ჩვენს ეს პრობლემა ნაკლებად გვეხება, რადგან ხორცხის სეგმენტი განსხვავებულია, ისედაც ვერ შოულობენ გაყინულ ხორცს და ჩვენი ბიზნესისთვის რაიმე რთულად შესასრულებელი პირობები არ აქვთ. თუმცა დისტრიბუტორებს ამ მხრივ ნამდვილად აქვთ პრობლემა, რის გამოც მათი მოგების მაქსიმალური მარჟა 12%-ს არ აღემატება. ვინმე ქსელურ მარკეტში რომ შევიდეს, ქეშბნექის გადახდა მთავარი მოთხოვნაა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობის ჩარევის მიუხედავად, ფასების კლების შესაძლებლობას ბაზარზე ნაკლებად ხედავს, თუ კეთილ ნებას თვითონ ბიზნესი არ გამოიჩენს.

,,მთავრობის მხრიდან ბაზარზე ჩარევა მარტივი არ არის. იმპორტირებულ პროდუქტს დოტაციაზე ვერ დასვამ. მთავრობას ბიზნესის დახმარება თუ სურს, სესხებზე საპროცენტო განაკვეთები უნდა გადაიხედოს. დღეს ბიზნესისთვის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 15-16%-ია. ასეთ პირობებში ფასების კლების შანსი რეალურად მინიმალურია, რის შედეგსაც ყველა ვხედავთ", - დასძინა "რეზონანსთან" გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება სავაჭრო ქსელების პოზიციას. რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარის სოფიო ქაშაკაშვილის თქმით, ფასის შემცირება დისტრიბუტორებისა და სავაჭრო სექტორის წარმომადგენლების ორმხრივი ნაბიჯების გადადგმით უნდა მომხდარიყო, თუმცა სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ჯერჯერობით ნაბიჯები არ იდგმება.

,,ჩვენი მხრიდან რისი საშუალებაც გვაქვს, ცალმხრივად - კეთდება. დავიწყეთ აქციები და ფასდაკლებები გვაქვს, თუმცა ეს ძალიან მინიმალურია და მომხმარებელი ამას ვერ იგრძნობს, თუ დისტრიბუტორებიც არ გადადგამენ ნაბიჯებს. სურსათზე აქციები თითქმის ყველა კომპანიამ გამოაცხადა. რამდენით შემცირდა, ამის განსაზღვრა რთულია, რადგან მარკეტები ინდივიდუალურად ახერხებენ გაიაფებას რიგ შემთხვევაში მარკეტინგული ხარჯების შემცირებით, ზოგჯერ მარჟის დაკლებით და ა.შ.“, - აღნიშნა სოფიო ქაშაკაშვილმა.

ფასებთან დაკავშირებული ვითარება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 6 თებერვალს შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა ფასნამატზე და აღნიშნა, რომ ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მან ბიზნესს 2-კვირიანი ვადა მისცა. უკვე 1 თვე გავიდა, მაგრამ ხელშესახები შედეგი  არ ჩანს.

წყარო: Resonancedaily.com