2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,052.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9.2%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4,690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 6.0%), – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 13.8%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.

„სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან  მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37.0% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2025 წლის IV კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 23.7%-ით შემცირდა.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეოთხე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი  54.3 მილიონი აშშ დოლარი, ბელარუსი 17.0 მილიონი აშშ დოლარი,  თურქეთი 151.7 მილიონი აშშ დოლარი,  ირანი 24.8 მილიონი აშშ დოლარი, ისრაელი 156.1 მილიონი აშშ დოლარი,  რუსეთი 133.7 მილიონი აშშ დოლარი, საუდის არაბეთი 16.6 მილიონი აშშ დოლარი, სომხეთი 42.2 მილიონი აშშ დოლარი, უკრაინა 43.2 მილიონი აშშ დოლარი,  ევროკავშირი 145.2 მილიონი აშშ დოლარი,  დანარჩენი ქვეყნები 267.5 მილიონი აშშ დოლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.