„ლარის მიმართ ნდობა მზარდია და 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის მთლიანი დეპოზიტების 57% ეროვნულ ვალუტაშია განთავსებული", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი განმარტებით, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით უმჯობესდება და 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 8.3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. რაც საუკეთესოდ ასახავს ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას.
ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას, რაც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის გაძლიერებასა და ფინანსური სისტემის სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებას ემსახურება. დედოლარიზაციის ტენდენცია ასევე აისახება საკრედიტო პორტფელზე. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.5% ეროვნულ ვალუტაშია დენომინირებული, რაც ლარიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგია.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, გაცვლითი კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. სექტემბრის მდგომარეობით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 4%-ით გამყარდა, რაც დიდწილად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებით არის განპირობებული.
ნათია თურნავას პოზიციით, გლობალურად გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და გეოპოლიტიკური შოკების პირობებში, გაცვლითი კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის მხრიდან ზეწოლის შერბილებას უწყობს ხელს.













