მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, ირინა გორდელაძე აცხადებს, რომ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) ფლობა კომპანიის ხარისხისა და ნდობის მაჩვენებელია.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, BARTA-ს მიზანია, წაახალისოს კომპანიები, რომლებსაც აქვთ ამბიცია და ინტერესი, კორპორაციული ანგარიშგება გააუმჯობესონ.

„ამ წლების განმავლობაში BARTA ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული სტანდარტი ქართულ ბიზნესში და უკვე აღიარებაც მოიპოვა. BARTA-ს ჯილდოს ფლობა კომპანიების ხარისხისა და ნდობის მაჩვენებელია. შეიძლება კომპანიამ რომელიმე წელს ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ მას ეძლევა შესაძლებლობა, BARTA-ს ჟიურის თვალით შეაფასოს თავისი ანგარიშგება და დაინახოს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, რათა მომდევნო წლებში BARTA-ს ჯილდო მოიპოვოს. ქულები თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ვებგვერდზე. განაცხადებს 10 ნოემბრამდე ველოდებით“, – განაცხადა ირინა გორდელაძემ.

მისი თქმით, BARTA-ს კონკურსის მიმართ კომპანიების რაოდენობა და ინტერესი სტაბილურად იზრდება.

„განაცხადები უფრო მეტად იმ კომპანიებისგან არის შემოსული, რომლებიც BARTA-ს ერთგული მონაწილეები და, რიგ შემთხვევებში, გამარჯვებულებიც არიან. ასევე, სასიხარულოა, რომ განაცხადები ახალი კომპანიებისგანაც მივიღეთ. ზუსტ რაოდენობაზე საუბარი რთულია, რადგან განაცხადების მიღების ვადა ჯერ არ დასრულებულა. ხშირად ხდება, რომ ბოლო დღეს ბევრი განაცხადი შემოდის“, – განაცხადა ირინა გორდელაძემ.

მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირებსა და მსხვილ კომპანიებს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ირინა გორდელაძის განმარტებით, მთავარი მოთხოვნაა, კომპანიას ჰქონდეს ხარისხიანი ანგარიშგება და აუდიტის დასკვნა არ იყოს მოდიფიცირებული.

„ეს ის ფილტრებია, რომლებსაც ჟიური პირველ რიგში შეამოწმებს. თუ აუდიტის დასკვნა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შემდეგ მოხდება ქულების განაწილება და კომპანია კონკურსში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა ირინა გორდელაძემ.

მისი შეფასებით, მსგავსი კონკურსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

„ეს უკვე მერვე წელია, შვიდი კონკურსი ჩატარდა. წლების განმავლობაში ამ კონკურსსა და კომპანიების ანგარიშგების ხარისხს ვაკვირდებოდი. რამდენიმე მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება და ამის დასკვნის გაკეთება სხვადასხვა მეთოდით შეგვიძლია. პირველი არის ჟიურის მიერ მინიჭებული ქულები. კომპანიებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მონაწილეობენ, პირველ წელთან შედარებით, ქულები საგრძნობლად აქვთ გაუმჯობესებული. დინამიკა ძალიან თვალსაჩინო და მზარდია.

გარდა ამისა, კომპანიები პირდაპირ სვამენ კითხვას, თუ რისი გაუმჯობესება შეუძლიათ და იღებენ შესაბამის უკუკავშირს. როდესაც მომდევნო წელს ანგარიშებს წარადგენენ, ისინი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. BARTA იმისთვის არის დაარსებული, რომ წაახალისოს კომპანიები, რომლებსაც აქვთ ამბიცია და ინტერესი, კორპორაციული ანგარიშგება გააუმჯობესონ“, – განაცხადა ირინა გორდელაძემ.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.