ლარის მერყეობა და გაუფასურება აქამდე მიღწეულ ყველა შედეგს ანგრევს!
ლარის გამყარების ტრენდი შეიცვალა. კურსის მოულოდნელი გაუფასურება იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეროვნულ ვალუტაზე სპეკულაციური შეტევა ხორციელდება, რაც მას ხელოვნურად აუფასურებს და საბოლოოდ კი ნდობის ფაქტორზე ძალიან მძიმედ აისახება. ეს გამოჩნდა კიდევ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რაც დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანის პროცესში გამოიხატა. სანამ არახელსაყრელი სიტუაციაა სავალუტო ბაზარზე, ლარის მიმართ უნდობლობის პრობლემა ყოველთვის იქნება და ვერც გაძვირებული პროდუქტების ფასი დაიწევს, რაც დიდწილად სწორედ არასტაბილური კურსით არის განპირობებული.
ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზია. როგორც შარშან, წელსაც სებ-ს ზედმეტი მოუვიდა. ახლაც და 2022 წლის აგვისტოში ათეულ მილიონობით დოლარი გამოაცალეს ბაზარს, რამაც არალოგიკური ვარდნა გამოიწვია. ამის შემდეგ კი ცენტრალურ ბანკს დოლარის გაყოდვა მოუწია. ასეთი რამ რამდენიმე თვეში ერთხელ ხდება. გამოდის, რომ ლარი სისტემატურად განიცდის რყევას და ამას რასაკვირველია თან ახლავს ნდობის დაცემა, ფასების ზრდა, განსაკუთრებით საწვავზე და ზოგადად ეკონომიკური გაურკვევლობა.
ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზად გავლენიანი კვლევითი ორგანიზაცია "გალტ ენდ თაგარტი" ერთჯერადი ფაქტორების გავლენას მიიჩნევს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ 2023 წელს ლარის საშუალო შეწონილი კურსი დოლართან მიმართებით 2,55 იქნება.
,,ლარი მაისში 3,8%-ით გაუფასურდა, თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 4,4%-ით გამყარებულია. ბოლოდროინდელ გაუფასურებას მივაწერთ ერთჯერად ფაქტორების, რადგან სავალუტო შემოდინება რჩება ძლიერი და ტურიზმიდან შემოსავალი მკვეთრად იზრდება. აღსანიშნავია, რომ სებ-მა 4 თვეში 782,9 მლნ აშშ დოლარი შეიძინა (აპრილში 322,4 მლნ აშშ დოლარი), რის შედეგადაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვები რეკორდულად მაღალი იყო და 2023 წლის აპრილში 5,1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ფაქტია, რომ გრძელდება სპეკულაციური შეტევა კურსზე და ლარის ხელოვნურად გაუფასურება, რაზეც საბანკო სფეროს სპეციალისტები დაუფარავად საუბრობენ. ანალიტიკოს ნიკა შენგელიას განცხადებით, ლარი უფასურდება ეროვნული ბანკის არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო და ეს სიტუაცია, მინიმუმ 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კერძოდ, შენგელიას ვარაუდით, ლარი საშუალოდ 2,57-2,67-ის ფარგლებში იმერყევებს.
,,სავალუტო რყევები გაგრძელდება. ეს არის ეროვნული ბანკის მახინჯი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომ საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს, ძარცვონ მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი. საკმარისი რეზერვები ჰქონდათ, ამიტომ
დროულად რომ გამოეტანა სარეზერვო თანხა, ეს შედეგი არ დადგებოდა. ვნახეთ, რომ ბაზარზე სებ-მა 40 მილიონი დოლარი გამოიტანა , საიდანაც მხოლოდ 17 მილიონი გაიყიდა. ბაზარზე თუ ასეთი ,,შიმშილი“ იყო, უფრო უნდა დაცემულიყო კურსი, მაგრამ გარკვეული თამაშია, იაფად ნაყიდი დოლარები ძვირად შეასაღონ მოსახლეობას და ბიზნესს.
ფუჭი დაპირებაა, რომ კურსი დაბლა ჩამოვიდეს, წლის ბოლოს 2,75-2,80-ის შუალედში ველოდები, ხოლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში ლარი, სავარაუდოდ, 2,57-2,67-ის ფარგლებში იმერყევებს. საბოლოო ჯამში, კურსს დიდად განსაზღვრავს, რა ვითარება იქნება რუსეთსა და უკრაინას შორის გრძელვადიან პერიოდში. როგორც ვიცით, კურსი მყარდებოდა გზავნილების ხარჯზე, რეგიონში ვითარება დასტაბილურდება და რუსები ფინანსურ რესურსებს უკან გაიტანენ, რაც ლარის გაუფასურებას განაპირობებს. ფაქტია, რომ ეკონომიკურ პროცესებზე არ არის კურსი დღეს დამოკიდებული“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ანალიტიკოსის ინფორმაციით, რუსეთსა და თურქეთში მაღალი ინფლაციაა ადგილობრივი ვალუტების გაუფასურების გამო და ეს პროცესი საქართველოსთვისაც გადამდებია.
,,ლირა გაუფასურდა, თუ სიტუაცია უფრო დაიძაბება უკრაინაში და შეტევები გააქტიურდება, რუსული რუბლიც გაუფასურდება. რუსეთი და თურქეთი ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორებია და ამ ქვეყნებში გაზრდილი ინფლაცია სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის. დღესდღეობით კურსზე გავლენას ახდენს სავალუტო შემოდინებები და ფულად საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკის განვითარების მოდელს არ ესადაგება და რამდენიმე კომერციული ბანკის ბიზნეს-ინტერესებზეა მორგებული“, - დასძინა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.
აშკარაა, რომ ლარი ხელოვნური ფაქტორების გავლენით უფასურდება და ეს სიტუაცია დიდ პრობლემას უქმნის ადგილობრივ წარმოებას. სულ ცოტა ხნის წინ თხილის მწარმოებლები აცხადებდნენ, რომ პროდუქტის დაბალი ფასი სწორედ ლარის კურსით იყო განპირობებული. ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ექსპორტიორები, ფაქტობრივად ყველა სახის ექსპორტს გაუჭირდა სავალუტო ცვლილების გამო, ვინაიდან ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა შესუსტდა. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია ღვინო, რომლის ექსპორტიორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სავალუტო რყევების გამო და ამბობენ, რომ კურსის არასტაბილურობით ზარალდებიან.
კომპანია ,,იაგოს ღვინოს“ მწარმოებელი იაგო ბიტარიშვილი შექმნილ სიტუაციაში დაბრკოლებად კურსის მერყეობას მიიჩნევს.
,,პანდემიის პერიოდში და შემდეგაც, რეგიონში ომის გამო გარკვეული სირთულეები შეიქმნა, მაგრამ ეს პრობლემა ბიზნესმა გადალახა. ჩვენი გაყიდვები ქვეყნის გარეთ საკმაოდ წარმატებულია და დიდი პოპულარობითაც ვსარგებლობთ, მაგრამ ლარის კურსის გამო საქმიანობა გაგვიძნელდა. სხვა დარგებზე ვერ ვისაუბრებ, ღვინის ექსპორტზე მთავარი პრობლემა დღეს ვალუტის რყევაა. პრობლემას ვერ ვხედავ, ლარის გამყარების გამო, ჩვენ უფრო კურსის არასტაბილურობა გვაზარალებს. ნებისმიერ კურსი - მაღალი თუ დაბალი, მისაღები იქნებოდა, რომ რყევა არ ხდებოდეს.
სავალუტო ცვლილება ხშირია და ეს სერიოზული დაბრკოლებაა უცხორ ბაზრებზე ჩვენი პროდუქტის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით. მთავარია, სტაბილურობას მივაღწიოთ და დაგეგმილის განხორციელებაში ხელი არ შეგვეშალოს. ცხადია, წარამარა შეცვლილი კურსი მტკივნეულია ბაზრისთვის, თან, ტრანსპორტირებაც გაძვირდა, რაც ასევე პრობლემაა ექსპორტისთვის, მაგრამ ამ ყველაფერს დავძლევთ, თუკი გვეცოდინება, რომ ლარი დასტაბილურდება“,- აღნიშნა ბიტარიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
წყარო: resonancedaily.com