სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 228.5 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წელს მისი მოცულობა 90.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია.

2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.8 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 16.5 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე — 25.5 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.7 პროცენტი.

უწყების ანგარიშით, 2024 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა — 114.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5.4 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 71.4 მილიარდი ლარი – რაც 2023 წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება.

2024 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 866.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.2 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.8 პროცენტი — მამაკაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.3 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 40.3 პროცენტი — მცირე ბიზნესზე.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 801.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 19.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 15.3 პროცენტით აღემატება.

2024 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2024.4 ლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 197.2 ლარით, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 601.4 ლარი შეადგინა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 156.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი; საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი; მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 34.4 პროცენტი ვაჭრობის დარგზე მოდიოდა, მეორე ადგილზე იყო ხელოვნება, გართობა და დასვენება 33.5 პროცენტიანი წილით, შემდეგ კი — დამამუშავებელი მრეწველობა 7.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა — 6.6 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება — 4.6 პროცენტიანი წილით, ხოლო 12.9 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.

გასულ წელს ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებდა დამამუშავებელი მრეწველობა (18.9 პროცენტი) და მშენებლობა (18.7 პროცენტი), შემდეგ მოდიოდა ვაჭრობა (18.5 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.2 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 34.7 პროცენტიანი წილი ეკავათ.

უწყების მონაცემებით, 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.0, 11.3 და 9.3 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდოდა ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6 პროცენტი), მშენებლობის (8.0 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (5.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.