სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სემეკის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას გასული წლის შედეგებსა და ტენდენციებზე ისაუბრა.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 26.92 მგვტ-ს შეადგენს.

„2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა, მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, საქართველოში ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ იზრდება 4.5%-ით“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, 2022 წელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურული რეორგანიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 2022 წელს მიმდინარეობდა ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ფორმირება. აღნიშნული პროცესი სრულად ჰარმონიზებული იყო ევროპის მე-3 ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებსა და რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, განხორციელებულ პროექტებზე, სემეკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე.

დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ერთიან შკალაზე როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფების სიმცირის კუთხით საქართველო მეორე ადგილს იკავებს.