„საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას აქვს იმის პოტენციალი, რომ ელექტროენერგია ქვეყნისთვის თვითკმარი იყოს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნორმალური განვითარების პირობებეში, ეს ყველაფერი სრულიად რეალურია.

„2023 წლის იმპორტი იმდენად მინიმალური იყო, რომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არც იყო. საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას აქვს იმის პოტენციალი, რომ ელექტროენერგია თვითკმარი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.

თუ ჩვენ გაზის მოხმარება შეგვიწყდება და მდინარეში წყალი არ იქნება, რა თქმა უნდა ვერ მოხერხდება, მაგრამ ნორმალური განვითარების პირობებში, როგორიც დღეს არის და მაშინ, როცა ყოველწლიურად ხდება სოციალური გაზის რაოდენობის მატება და ჩვენი ჰიდროსადგურების გამომუშავება, ეს სრულიად შესაძლებელია.

ამას დამატებული ის გრაფიკი, რომლითაც დაგეგმილია განახლებადი ენერგიების - მზის და ქარის ენერგიების, ნეტო აღრიცხვის შეყვანა, ამ ყველაფრის შეყვანის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, რომ წლის ნებისმიერ დროს ჰქონდეს საკმარისი ენერგია“, - განაცხადა გია არაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2030 წელს საქართველო ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება.

„2030 წელს საქართველო პირველად გახდება ელექტროენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიაზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიის იმპორტის გარეშე შეგვეძლება. ბოლო 12 წლის განმავლობაში აშენდა: 63 ჰესი, 2 თბოელექტროსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური“, - განაცხადა პაპუაშვილმა.