ავტორი ალექს კროუფორდი, სპეციალური კორესპონდენტი უკრაინაში

7 ივნისი, 2023 წ.

რუსეთის კონტროლირებულ უკრაინის სამხრეთ ნაწილში (ხერსონის რეგიონი) მდებარე ნოვა კახოვკას კაშხალი აფეთქდა. მის აფეთქებაში კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ. კაშხალი უზარმაზარ წყალსაცავს მოიცავს. მასში დაგუბებული წყლით მარაგდება რუსეთის კონტროლირებული ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგური და ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული. აფეთქებამ კაშხლის ჰიდროელექტროსადგურიც დააზიანა.

ათიათასობით ადამიანს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. ადგილობრივი დროით შუადღისას, ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგურიდან მოსახლეობის ნაჩქარევი ევაკუაცია დაიწყო.

უკრაინის პოლიციამ თავისი ტელეგრამ-არხით ხალხს მხოლოდ პირველადი მოხმარების ნივთების, აუცილებელი დოკუმენტებისა და შინაური ცხოველების წაღება/წაყვანა ურჩია.

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა, რომელიც ამ თანამდებობაზე უკრაინის ხელისუფლებამ დანიშნა, ვიდეომიმართვისას განაცხადა: „ევაკუაცია დაიწყო. გთხოვთ, თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთოთ. სასწრაფოდ დატოვეთ საშიში ადგილები“.

ომის დაწყების შემდეგ კაშხალს ორმაგი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. პირველი, იგი ძალიან დიდია, იუტას შტატში მდებარე დიდი მლაშე ტბის (Great Salt Lake) ეკვივალენტი. კაშხლის წყალსაცავში 18 კუბური კილომეტრი წყალია დაგუბებული.

ათობით სოფელი, დაბა და თავად ქალაქი ხერსონი, ელექტროენერგიისა და წყლის მხრივ, კახოვკას კაშხალზეა დამოკიდებული.

მეორე, იგი უკვე დიდი ხანია, რაც პოტენციურ სამიზნეს წარმოადგენს. 2022 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ კაშხალი შესაძლოა რუსული არმიის სამიზნე გახდეს და დასავლეთს მის დასაცავად ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

კაშხალი, რომელიც 1956 წელს აშენდა და 30 მეტრის სიმაღლისა და 3,2 კილომეტრის სიგრძისაა, კვეთს მნიშვნელოვან სანაოსნო გზას, რომელიც მდინარე დნიპროა. ამჟამად რუსული შეიარაღებული ძალები მდინარის სამხრეთ-აღმოსავლეთით არიან განლაგებული, უკრაინელებმა კი რეგიონის დასავლეთი ნაწილი დაიბრუნეს, მათ შორის რეგიონის დედაქალაქი ხერსონი.

წყარო