ევროპამ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) თითქმის იმავე რაოდენობის იმპორტი მოახდინა, რაც – გასული წლის ამავე პერიოდში, თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა.

ამის შესახებ ენერგეტიკის ეკონომიკისა და ფინანსური ანალიზის ინსტიტუტის (IEEFA) ანგარიშშია ნათქვამი, – იტყობინება​ EUObserver-ი.

კერძოდ, აღნიშნულია, რომ ესპანეთმა და ბელგიამ რუსული თხევადი გაზის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გააორმაგეს.

ესპანეთის მიერ ამ პერიოდში იმპორტირებული გაზის დაახლოებით 27% რუსეთიდან იყო, ბელგიაში კი – 37%. საფრანგეთმა  15% მიიღო.

გამოცემა წერს, რომ, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ შეამცირებდა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას, მაგრამ მალევე გაისმა შეშფოთება, რომ ის შეცვლიდა დაბინძურების ერთ ფორმას მეორეთი.

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპის ქვეყნები აგრძელებენ LNG ინფრასტრუქტურის გაფართოებას, მიუხედავად იმისა, რომ LNG-ზე და გაზზე მოთხოვნა, როგორც არის მოსალოდნელი, უნდა შემცირდეს.

ევროპამ LNG-ს მიმღების სიმძლავრე გაზარდა – 2022 წლიდან ექსპლუატაციაში ექვსი ახალი LNG ტერმინალი შევიდა.

ახალი რეგაზიფიკაციის LNG ტერმინალების გეგმებმა უნდა მიიყვანოს ევროპული LNG მიმღების სიმძლავრე 406 მილიარდ კუბურ მეტრამდე. თუმცა, ინსტიტუტის პროგნოზებით, 2030 წელს LNG-ზე მოთხოვნა 150 მილიარდ კუბურ მეტრს არ გადააჭარბებს, რაც პოტენციურ სიჭარბეზე მიუთითებს.

“გაზზე მოთხოვნის შემცირება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თეზისს, რომ ევროპას მეტი LNG ინფრასტრუქტურა სჭირდება ენერგეტიკული უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად. მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ასე არ არის. ევროპის ქვეყნები რისკავენ გაცვალონ რუსულ მილსადენებზე დამოკიდებულება, LNG-ს სიჭარბეზე, რაც კონტინენტზე ფასების ცვალებადობას გამოავლენს”, – თქვა ​ IEEFA-ს ენერგეტიკულმა ანალიტიკოსმა, ანა მარია ჯალერ-მაკარევიჩმა.

შეერთებული შტატებიდან LNG-ს იმპორტი 2022 წლიდან მკვეთრად გაიზარდა, რამაც აშშ ევროკავშირის მთავარ მიმწოდებლად გახადა, რომელიც ევროკავშირის მთლიანი მარაგების 46%-ს ავსებს.

ამ დროს რუსეთი მეორე ადგილზეა და ევროკავშირს​ LNG-ით მხოლოდ 12%-ით ამარაგებს.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული LNG-ის უმსხვილესი იმპორტიორი ესპანეთია, შემდეგ მოდის საფრანგეთი და ბელგია.

IEEFA-ს ანგარიშის მიხედვით, ჯამურად, ევროკავშირმა რუსეთის LNG-ზე დაახლოებით 5,5 მილიარდი ევრო დახარჯა.

kvira.ge