არალეგალური ბიზნესსაქმიანობა და დაზარალებული მოქალაქეები - სახელმწიფო უკანონო ბიზნესსაქმიანობის დასარეგულირებლად გამრიცხველიანებას იწყებს. მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის გამო ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებს ოფიციალური მონაცემები ადასტურებს.

საკითხზე კომენტარი გააკეთა ესკო-ს გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა.

„სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ეს პირველ რიგში ემსახურება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დაცვას და თავისთავად ემსახურება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფას. ხაზგასასმელია, რომ ელექტროენერგიის გადაჭარბებული მოხმარება არის დიდი წნეხი და უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს სვანეთის ჯამურმა მოხმარებამ 133 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა მაშინ, როდესაც მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტის ელექტრომოხმარება, არ აღემატება 10 მილიონ კილოვატ/საათს.

რა თქმა უნდა, ამხელა სხვაობა დიდი ფინანსური წნეხია როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის მონაწილეებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც არის ელექტროენერგიის ღირებულების გადამხდელი. გამრიცხველიანება მოგვცემს საშუალებას, რომ აღვრიცხოთ თითოეული მოხმარებული კილოვატ/საათი, გამოვავლინოთ ქსელში არსებული დანაკარგები, უფრო ეფექტურად ვმართოთ ქსელი და რა თქმა უნდა, დროულად გამოვავლინოთ ის უკანონო და გადაჭარბებული მოხმარება, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ წესებსა და გამჭვირვალე სისტემას“, - განაცხადა ესკო-ს გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ყაზარაშვილმა.