"ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის მონიტორინგისას იკვეთება, რომ მინორიტარი ნათია ჯანაშიას მოქმედებები დიდწილად შეიცავს შანტაჟის ნიშნებს სახელმწიფოსთან მიმართებაში, და ქმედებათა ჯაჭვის საბოლოო მიზანი კი აკადემიის ძალადობრივად ხელში ჩაგდებაა", - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმძიმესი და რაც მთავარია, უარგუმენტოა ბრალდებებათა ის წყება, რასაც ნათია ჯანაშიას მხარე მთლიანად სახელმწიფოს უყენებს, როცა ბრიტანეთში წარდგენილ სარჩელში ამბობს, რომ საქართველოში სამართალის პოვნის იმედი არ აქვს და ამიტომ ჩივის ბრიტანეთში.

პარალელურად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად გავრცელებულ განცხადებებში, ნათია ჯანაშია მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებს, კერძოდ, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და სასამართლოს კორუფციაში და სხვა მძიმე დანაშაულებრივ ქმედებებში სდებს ბრალს.

ეს ყოველივე მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - შანტაჟით და მუქარით აიძულოს აღნიშნული უწყებები შეცდომები დაუშვან და შემდგომ ეს შეცდომები ისევ საზღვარგარეთ, ისევ სხვა სახელმწიფოების სტრუქტურებში ხელისუფლებაზე, და შემდგომ ინვესტორზე ზეწოლისთვის გამოიყენოს. სხვა ლოგიკური ხაზი, ნათია ჯანაშიას მხარის ნარატივში და ქმედებათა ერთობლიობაში, უბრალოდ, არ იკვეთება", - ამბობს აფბას ხელმძღვანელი.

"მონიტორინგის პროცესისას გამოიკვეთა ერთი ძალიან საგულისხმო ფაქტი. კერძოდ ის, რომ  დავის მიმდინარეობისას ნათია ჯანაშიას მხარემ "საქართველოს განათლების ჯგუფს", წილის 70%-ის მფლობელს, შესთავაზა წილის გამოსყიდვა კონკრეტულ ფასად. საპასუხოდ მიიღო კონტრშეთავაზება, რომელიც გულისხმობდა პირიქით - მის მფლობელობაში არსებული  წილის გამოსყიდვა, ოღონდ ჯანაშიას მიერ შეთავაზებულთან შედარებით 33%-ით უფრო ძვირად. უცნაური ფაქტია, ამ მომგებიან გარიგებაზე, რითაც რამდენიმე ათეულ მილიონს დამატებით მიიღებდა, ნათია ჯანაშიამ უარი თქვა.

ეს ერთადერთზე მეტყველებს - ნათია ჯანაშიას მიზანს ნაკლებად წარმოადგენს დავის დასრულება, თუნდაც მისთვის ფინანსურად ძალიან მოგებიანი პირობებით. მისი მიზანი, როგრც ჩანს, ერთია - მაჟორიტარი აქციონერისა და სახელმწიფოს შანტაჟის გზით, "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მთლიანად ძალადობრივად დასაკუთრება", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.