„არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები, რის გამოც, როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი ენერგეტიკული პროექტები განეხორციელებინათ დათქმულ ვადაში, მაგრამ, ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებებიც, მათ შორის, ძალიან ბევრი პროექტი დაგვხვდა ისეთი, რომელიც არ ემსახურებოდა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას” – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, დაახლოებით 1700 მეგავატზე გაფორმებული მემორანდუმები გაუქმდა.
„ეს იყო, ე.წ. „დარეზერვებული” დაერთების ნებართვები თუ მემორანდუმები, რომლებიც, ფაქტობრივად, იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის, შესაბამისად, დათქმულ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას, ეს პროექტები ვერ ხორციელდებოდა, რადგან არსებული მემორანდუმის მფლობელი იყო არა რეალური ინვესტორი, არამედ, უბრალოდ, გადამყიდველი” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი.
„ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ნამდვილად რეალისტურად განხორციელდება, ასევე იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც გადამყიდველების ხელში იყო. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაახლოებით 1700 მეგავატზე გაფორმებული მემორანდუმი გააუქმა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების ე.წ. „დაბევება” და ამავდროულად, კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, უფრო დროულად დაერთდეს ენერგეტიკულ სისტემაში და დაიწყოს გენერაციის პროცესი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად რიგი ბიუროკრატიული საკითხების იდენტიფიცირებაც გაკეთდა და შესაძლებელია, რომ ინვესტორებმა სახელმწიფოს მხრიდანაც უფრო სწრაფად მიიღონ რიგი ნებართვები.
საქართველოს ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის ხელშეწყობაზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ხელისუფლებისა და კერძო სექტორის დიალოგის მნიშვნელობას, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.
„საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვქონდა და გვაქვს მათთან საუბარი იმისთვის, რომ დარგში დაგროვილ გამოწვევებზე ერთმანეთთან გულახდილად და გამჭვირვალედ ვისაუბროთ” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.













