აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და უნგრეთის MVM ONEnergy-მ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
SOCAR-ის პრეზიდენტი როვშან ნაჯაფი 10 დეკემბერს MVM ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, კაროლი მატრაის შეხვდა.
„შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა სფეროში კომპანიებს შორის თანამშრომლობა და გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მხარეებმა განიხილეს გაზის მიწოდების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებებისა და რეგიონული პარტნიორობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.
„შეხვედრის დროს SOCAR-მა და MVM ONEnergy-მ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა 2026 წლის 1 იანვრიდან, ემსახურება აზერბაიჯანსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
SOCAR-ის ცნობით, ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმება კომპანიებს შორის წინა შეთანხმებას ეფუძნება.
„ბოლო წლების განმავლობაში ორივე კომპანიამ შეინარჩუნა წარმატებული, საიმედო და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა. პარტნიორობის გახანგრძლივება ასახავს ორივე მხარის ერთგულებას გრძელვადიანი ენერგეტიკული თანამშრომლობისა და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.













