ამ კვირის დასაწყისში თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ჯეიჰანის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალია ტერმინალზე, სადაც აზერბაიჯანული ნავთობი ტანკერებზე იგზავნება. ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა, თუმცა, Bloomberg-ის ბოლო ინფორმაციით, ტერმინალის საკონტროლო ნაწილი დაზიანდა.

ტერმინალის დაზიანების წინასწარი შეფასების შედეგების გაცნობის შემდეგ, Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება ჯეიჰანის პორტიდან არ აღდგება მომდევნო კვირის ბოლომდე. ადრე მოსალოდნელი იყო, რომ ტერმინალი ამ კვირის ბოლომდე განაახლებს მუშაობას.

როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორმა BP-მ 8 თებერვალს ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე მსგავსი მესიჯი გაავრცელა Botas International Limited-მა (თურქული სახელმწიფო კომპანია Botas-ის შვილობილი კომპანია), ტერმინალის ოპერატორი, რომლითაც აზერბაიჯანული ნავთობი ტანკერებზე იგზავნება.

ეს ფორმულირება ნიშნავს, რომ არის პრობლემა, რომელიც გამოწვეულია იმ მოვლენით, რომელიც არ მომხდარა ექსპორტიორის ან ტერმინალის ოპერატორის ბრალით, და, შესაბამისად, არც ერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი გამგზავნის ფინანსურ ზარალზე.

მანამდე BP-მა დაადასტურა, რომ გაჟონვა, რამაც გამოიწვია ნავთობის დაღვრა ტერმინალში, გამოსწორდა და ექსპერტები ამჟამად სწავლობენ სიტუაციას. კომპანიაში, ისევე როგორც თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროში, სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

ამჟამად, აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობი აგრძელებს BTC მილსადენით ჯეიჰანის მიმართულებით გადინებას. თუმცა, ტერმინალში შენახვის ტევადობა შეზღუდულია: არ არის ნათელი, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მიწოდება ავზების საბოლოოდ შევსებამდე.

გემების მონიტორინგის ვებგვერდმა Marinetraffic.com, მიუთითა, რომ ექვსი ნავთობტანკერი 8 თებერვალს ჯეიჰანის სანაპიროზე მდებარეობდა. ზოგიერთი მათგანი აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის ჩატვირთვას ელოდება.

რაც შეეხება არსებულ ვითარებას, BP-ს არ მიუღია გადაწყვეტილება აზერი-ჩირაგ-გუნეშლის საბადოების ბლოკზე წარმოების შემცირების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალის ტანკების სიმძლავრე ოთხი დღის განმავლობაში სტაბილური წარმოების საშუალებას იძლევა.

მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ვითარებამ შესაძლოა არ იმოქმედოს აზერბაიჯანის ეკონომიკაზე, მაგრამ თუ ტერმინალი დიდხანს ვერ განაახლებს მუშაობას, ეკონომიკური შედეგები გარდაუვალი იქნება. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ექსპორტის 90 პროცენტზე მეტი ნავთობი და გაზი მოდის.

სანდრო პირველი