6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა ხუდონჰესის ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის განსახორციელებლად სოფლების დატბორვა აღარ იქნება აუცილებელი. პრემიერის თქმით, ჰესი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება.

ხუდონის ახალი პროექტისა და ჰესის მთავრობის თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციებს ემხრობა, მაგრამ ამ პროექტის წარმატებაში ეჭვი ეპარება.

მისი თქმით,  მთავრობის მხრიდან არც ერთხელ არ ყოფილა ხალხთან სწორი კომუნიკაცია, არც ინვესტიციების იმედი აქვს და არც სახელმწიფოს მიიჩნევს მაინც და მაინც საიმედო მეწილედ და გარანტორად.

„მე ვემხრობი ინვესტიციებს ენერგეტიკაში, მათ შორის ჰესებში, მაგრამ ძალიან მეეჭვება ამ პროექტის წარმატების. ჩვენ გვახსოვს ნამახვანჰესის ჩავარდნილი პროექტი და ხუდონჰესიც. ხალხის მეხსიერებაში ჰესების შესახებ ინფორმაცია ძალიან არასწორადაა აღბეჭდილი.

ხუდონჰესის მაგალითზეც ბევრი რისკი იყო, იგივე კორუფციასთან დაკავშირებით. რაც არ უნდა ყოფილიყო წარუმატებლობის მიზეზი, ხელისუფლების მხრიდან ხალხთან კომუნიკაცია საშინელი იყო. არ ვიცი, ვის უნდა გაუჩნდეს ხუდონში ინვესტიციის სურვილი, თუნდაც სახელმწიფო იყოს მეწილე. სახელმწიფო ნამახვანჰესის  შემთხვევაშიც გამოდიოდა გარანტორად, მაგრამ პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა.

სახელმწიფოს ჩართულობით გვინახავს პროექტები, რომლებიც საერთოდ ვერ განხორციელებულა. მაგალითად, სახელმწიფო ჩართულია გზების მშენებლობის პროცესში და ამდენი ხანია ავტობანი ბათუმამდე ვერ ჩავიყვანეთ. ამიტომ, სახელმწიფო როგორც მოთამაშე და აქტორი მაინც და მაინც საიმედო არ არის. თუმცა, თეორიულად სახელმწიფოს ჩართულობა შესაძლოა სანდოობის ამწევი იყოს“, - განაცხადა სოსო ბერკაშვილმა.