2025 წლის განმავლობაში ეკონომიკის მაღალი ზრდის ტენდენცია დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდაზე აისახა. კერძოდ, 2025 წლის მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.4%-თ გაიზარდა და 2,271.6 ლარი შეადგინა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. „საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რეალური ხელფასის (ინფლაციის გამორიცხვით) ზრდა 2025 წლის მესამე კვარტალში 5.6 პროცენტს გაუტოლდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხელფასების ზრდა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში გამოიკვეთა. ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, გამორჩეულად მაღალი ზრდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტირება და დასაწყობების სექტორებში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ხელფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც ბიზნეს, ასევე არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში. ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5%-ით (230.8 ლარით) გაიზარდა და 2,420.9 ლარი შეადგინა, ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.3%-ით (187.4 ლარით) გაიზარდა და 2,000.9 ლარი შეადგინა. „ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები, რათა უზრუნველვყოთ დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.