მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარი რამდენიმე პუნქტით კიდევ გამყარდება, თუმცა 2,65-იან ნიშნულს ალბათ არ ჩამოსცდება
ლარის გამყარების პროცესი გრძელდება. როგორც ფინანსისტები აღნიშნავენ, რეალურად ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო მყარი უნდა იყოს, მაგრამ ამას ცენტრალური ბანკის ინტერვენციები აფერხებს. სავარაუდოდ, სებ-ი ცდილობს, ზედმეტად არ გაძლიერდეს ლარი, პარალელურად დოლარის შესყიდვას აგრძელებს და სხვადასხვა მექანიზმით ხელს უშლით ლარის პოზიციების გაუმჯობესებას, ვინაიდან უფრო მეტად გამყარებული ეროვნული ლარი ეკონომიკის ზრდისა და ექსპორტისთვის შემაფერხებელ გარემოებად იქცევა.
"თიბისი კაპიტალის" ანალიზი სწორედ ამაზე მიანიშნებს, მისი მოკლევადიანი წონასწორობის მოდელის თანახმად, აშშ დოლარი/ლარის წონასწორული ნიშნული ოქტომბერში კვლავ შემცირდა და 2.61 შეადგინა, რაც ისევ ლარის ზედმეტად გაუფასურებაზე მიუთითებს.
მოლოდინია, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ლარი რამდენიმე პუნქტით კიდევ გამყარდება, თუმცა 2,65-იან ნიშნულს არ ჩამოსცდება. არსებული პროგნოზით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლარის მერყეობის საზღვრები 2.67-2,71-ის შუალედში დაფიქსირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს რეზონანსთან" ფინანსისტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ქართული ვალუტის სტაბილურობა.
,,ლარს რაც ამყარებს ტრანზაქციებია, ანუ ემიგრანტებიდან საქართველოში ჩამორიცხული თანხები, ასევე უცხოურ კომპანიებში განხორციელებული ტრანზაქციები. ეს ის კომპანიებია, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე გაიხსნა.
არის ალბათობა, რომ ლარი თვის ბოლომდე კიდევ გამყარდება. საახალწლო პერიოდია და დოლარის გაყიდვა აქტიურად მიმდინარეობს, ვფიქრობთ უფრო 2,67 -იან ნიშნულამდე ჩამოვა ლარი. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ლარის მერყეობის საზღვრებს 2.67-2,71-ის შუალედში ვვარაუდობთ.
სებ-ი თავის ფუნქცია-მოვალეობებით არის დაკავებული, თუ შეიძლება ამას მოვალეობის შესრულება ეწოდოს. საერთოდ რაც მყარია ლარი, ექსპორტი მით უფრო იზღუდება, მე თუ მკითხავთ ლარი ოქროს შუალედი არის 2,80-2,85-იანი მაჩვენებელი, რომელიც ექსპორტსაც ხელს უწყობს და ტურისტულ ბიზნესსაც.
ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა ნამდვილად ვერ ზრდის გამყარების ალბათობას, ეს პროცესი უფრო პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტრანზაქციების მატებაზე არის დამოკიდებული", - განაცხადა ნიკა შენგელიამ.
რაც შეეხება "თიბისი კაპიტალის" კვლევას, ლარის ზედმეტად გაუფასურების დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებაც. აღნიშნული ფაქტორებისა და სებ-ის მიმდინარე პოლიტიკის გათვალისწინებით, "თიბისი კაპიტალის" უცვლელი პროგნოზით, ლარი წლის ბოლომდე, დაახლოებით, არსებული დონის ფარგლებში შენარჩუნდება.
მიუხედავად ამისა, საყურადღებოა, რომ ლარის წონასწორულ ნიშნულთან ჩამორჩენა საშუალოვადიან პერიოდში მისი გამყარების ალბათობას ზრდის, მათ შორის პოტენციურად ინფლაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისიდან გამომდინარე, რაც ლარი-ევრო-დოლარის სტრატეგიის კონტექსტში ასევე გასათვალისწინებელია. კერძოდ, შესაძლოა, უცხოურ ვალუტაში შედარებით მეტის სესხება იყოს ოპტიმალური.
საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ლარის გამყარების პროცესი გაგრძელდება, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი იქნება შენარჩუნებული. ლარის გამყარების მიმართულებით მუშაობს ფულადი ტრანსფერები, რომელიც იზრდება. იგულისხმება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი თანხები, რაც ლარის გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
,,ლარის გამყარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ფულად ტრანზაქციებთან ერთად, არის ეკონომიკური ზრდა, რაც ზოგადად გრძელვადიან პერიოდში ლარის გამყარებისკენ მიუთითებს.
გარდა ამისა, რეფინანსირების განაკვეთი მაღალ ნიშნულზეა. სებ-ს ოდნავადაც არ შეუმცირებია, ვინაიდან ინფლაციის მაჩვენებელი მაღალია. ეს გარემოებაც ლარის გამყარებას განაპირობებს. ამას ემატება დეპოზიტების ლარში განთავსება, რადგან განაკვეთი ლარში მაღალია, ძალიან ბევრს გადაჰყავს უცხოური ვალუტაში განთავსებული ანაბრები ეროვნულ ვალუტაში, ესეც ლარის სასიკეთოდ მუშაობს. თუკი მომავალში სებ-ი შეცვლის პოლიტიკას და შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, შეიცვლება დინამიკა, ანუ დოლარი უფრო პოპულარული გახდება, რამაც შეიძლება გამყარების ტრენდი ცოტათი შეცვალოს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" გოჩა თუთბერიძემ.
ამჟამინდელი ტენდენცია კი პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ეროვნული ბანკი მაღალი რეფინანსირების განაკვეთს შეინარჩუნებს, თუმცა სებ-ი ეცდება ასე თუ ისე არსებული ნიშნული შეინარჩუნოს.
,,ვერ გეტყვით, სანამდე გამყარდება ლარი, სებ-ი გააგრძელებს ინტერვენციებს, ის ეცდება შეინარჩუნოს არსებული კურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ცდილობენ დიდხანს კურსი სტაბილურად შენარჩუნებას. ამიტომ ეროვნული ბანკი კიდევ შეიძენს უცხოურ ვალუტად და გაზრდის სავალუტო რეზერვს. ამით ლარის გამყარების პროცესს შეანელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა გაჩნდება საექსპორტო ინდუსტრიაში. სებ-ის ხელშია მნიშვნელოვანი ბერკეტები და ამას გამოიყენებს ისე, რომ არც გაუფასურება დაუშვას და არც - მნიშვნელოვანი გამყარება", - დასძინა თუთბერიძემ.
დეპოზიტების ლარიზაციის დინამიკა მჭიდრო კავშირშია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან. კერძოდ, ლარიზაციის გააქტიურებასთან ერთად, კვლავ აჩქარდა უცხოური ვალუტის შეძენის ოპერაციებიც. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 5.8 მილიარდი აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით 213 მილიონი აშშ დოლარით მეტია.
ამასობაში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 298.39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%-ით მეტია 2024 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმორიცხეს, რაც 58 მილიონ დოლარს შეადგენდა. წლიური ზრდა 16%-ია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს 50 მლნ დოლარით, საიდანაც ფულადი გზავნილები 11%-ით გაიზარდა. რუსეთი კი კვლავ მესამე პოზიციაზეა 38 მილიონი დოლარით, ამასთან, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა.
წყარო: resonancedaily.com













