სომხეთის მთავრობა ინდოეთს რუსეთთან და ევროპასთან დასაკავშირებლად საქართველოს გავლით სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სავაჭრო დერეფანს სთავაზობს, რომ ინდური პროდუქცია რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში უფრო მოკლე და სწრაფი მარშრუტით მოხვდეს. ამ ინიციატივით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრი ექსპერტები და მაღალჩინოსნები გამოვიდნენ. ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს.

ოფიციალური ერევნის წინადადებით, ამ მარშრუტმა მუმბაი ევროპასთან ირანი-სომხეთი-საქართველოს ტერიტორიითა და აზერბაიჯანის გვერდის ავლით უნდა დააკავშიროს, რადგან დელის ოფიციალურ ბაქოსთან, თურქეთთან და პაკისტანთან მისი მჭიდრო კავშირის გამო, ნელთბილი ურთიერთობა აქვს.

კერძოდ, შეთავაზებული დერეფანი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (INSTC) პარალელურად გაივლის და ინდურ მუმბაის სამხრეთ ირანის საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასთან, შემდეგ კი სომხეთთან დააკავშირებს.

The Economic Times-ს სომხეთის მთავრობის წყარომ განუცხადა, რომ ინდოეთთან სომხეთის კავშირი ბოლო წლებში აღმავალ გზაზეა, რაც ინდოეთიდან თავდაცვის პროდუქციის ექსპორტით არის განპირობებული. ამდენად, სომხეთი ცდილობს, თავის ტერიტორიაზე გამავალი სპარსეთის ყურე-შავი ზღვის მარშრუტისთვის ინდური ინვესტიციები მიიზიდოს.

გამოცემის შეფასებით, სომხური მხარე ფსონს იმაზე დებს, რომ ინდურ კომპანიებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ, ხოლო ირანისა და საქართველოს გავლით ევროპამდე სატრანსპორტო დერეფნის გახსნით ოფიციალური დელი დაინტერესებულია. ამდენად, სომხეთი მოლაპარაკებებს ეწევა ინდოეთთან, რომ პროექტისთვის ინდური დაფინანსება და კომპანიები მიიზიდოს. მითუმეტეს, რეგიონში სომხეთმა, აზერბაიჯანთან ომის მიუხედავად, ძლიერი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.

ერევნის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და APRI-Armenia-ს უფროსი მკვლევარი, ბენიამინ პოღოსიანი აცხადებს, რომ ევროპამდე დამატებითი სავაჭრო გზების გაჩენით სომხეთი აზერბაიჯანის, ხოლო ინდოეთი სუეცის არხის გვერდის ავლით არის დაინტერესებული, რომ დელიმ რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაციის შედეგები თავიდან აიცილოს.

The Economic Times-ის ცნობით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტი 2016 წელს ირანმა წამოაყენა, რომ ქვეყანა ევროპას სამხრეთ კავკასიის გავლით დაკავშირებოდა. მაშინ პროექტით ყველა პოტენციური მონაწილე ქვეყანა, კერძოდ, ირანი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საბერძნეთი დაინტერესდნენ, თუმცა მოლაპარაკებები კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა.

ბენიამინ პოღოსიანის შეფასებით, ირანის ინტერესი ისაა, რომ სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფანი სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით ქვეყანას საქართველოსთან დააკავშირებს. სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველოსთან სარკინიგზო და საავტომობილო კავშირი აქვს, ხოლო აზერბაიჯანის რკინიგზა ირანის საზღვრამდე გადის. ამ ქსელთან დასაერთებლად ირანს თავის ტერიტორიაზე მხოლოდ 165 კმ-იანი მონაკვეთი არ ჰყოფნის, რომელმაც ირანული ქალაქი რეშთი აზერბაიჯანულ ასტარას რკინიგზით უნდა დააკავშიროს. თუმცა მიმდინარე წლის იანვარში ირანთან გაფორმებული შეთანხმებით რეშთ-ასტარის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას რუსეთი დააფინანსებს. ამასთან, აზერბაიჯანს ირანთან საავტომობილო კავშირიც აქვს.

BPN.GE