ლარზე მოქმედი ცვლადების წმინდა ეფექტი გამყარების მიმართულებით უფრო მკაფიო ხდება — ამის შესახებ ნათქვამია თიბისის მთავარი ეკონომისტის უახლეს განახლებაში. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ლარის პოზიტიური დინამიკის ძირითად მამოძრავებლად საგარეო ფაქტორები რჩება, გაუმჯობესება ფიქსირდება შიდა მაკროეკონომიკურ კომპონენტებშიც.

"გამოვყოფთ სამ ძირითად ფაქტორს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში ლარის სასარგებლოდ მოქმედებს: ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებები, დოლარის გლობალური სისუსტე და შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება"

გაუმჯობესებული საგარეო ვაჭრობის ბალანსი

2025 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობის დეფიციტის მშპ-სთან შეფარდება ათწლეულის მინიმუმზეა. ექსპორტის ზრდის მთავარი წყარო კვლავ ავტომობილების რეექსპორტია, თუმცა ადგილობრივ ექსპორტშიც შეინიშნება ზრდა, განსაკუთრებით ძვირფასი ლითონების ქვეჯგუფში. იმპორტის შენელება ერთდროულად მოცულობისა და ფასების კლების ეფექტს ასახავს, განსაკუთრებით ნავთობპროდუქტებისა და ავტომობილების მიმართულებით.

გზავნილები იზრდება — განსაკუთრებით სტაბილური ქვეყნებიდან

ფულად გზავნილებში სტაბილური წყაროების წილი (ევროკავშირი, აშშ და სხვა) 2025 წლის პირველ ოთხ თვეში 11%-ით გაიზარდა და მთლიანი გზავნილების 83% შეადგინა. თიბისის ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთიდან გზავნილებში წლიურად კვლავ დადებითი ზრდა ფიქსირდება, რაც ბაზის ეფექტის მიუხედავად მნიშვნელოვან მაჩვენებლად ითვლება.

ტურისტული შემოსავლების ზრდა შენელდა

დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა მხოლოდ 2.3%-ია, თუმცა აპრილ-მაისში თიბისის არხებით არარეზიდენტების ხარჯები შედარებით გააქტიურებულია, რაც შუალედურ გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

დოლარის სისუსტე გრძელდება

თიბისის შეფასებით, დოლარის სავაჭრო პარტნიორებთან შეწონილი კურსის 7.5%-იანი გაუფასურება, აშშ-ის ეკონომიკის გარშემო არსებული გაურკვევლობის ფონზე, ხელს უწყობს განვითარებადი ბაზრების ვალუტების, მათ შორის ლარის, გამყარებას.

შიდა ბაზარზე მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე მცირდება

როგორც განახლებაშია აღნიშნული, შიდა მოთხოვნაზე მოქმედი პოზიტიური ტენდენციები მოიცავს:

  • ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის შემცირებას,
  • ლარში დეპოზიტების კონვერტაციის პირველ ნიშნებს,
  • ე.წ. „კარგი დროის ბუფერს“, რომლის მოცულობა კვლავ დაახლოებით 1 მლრდ დოლარს შეადგენს.

ეროვნული ბანკი რეზერვებს აგროვებს

ეროვნული ბანკის ინტერვენციების შესახებ განახლებაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ მარტში სებ-მა ბაზრიდან 102 მლნ დოლარი შეისყიდა. აპრილის ბოლოს საერთაშორისო რეზერვებმა 4.5 მლრდ დოლარს მიაღწია — ეს თებერვლის მაჩვენებელზე 300 მლნ დოლარით მეტია. თიბისის ანალიტიკოსების შეფასებით, აპრილში და მაისშიც ინტერვენციები, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბურია.

საბაზო სცენარი უცვლელია

თიბისის მთავარი ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ ლარის ზომიერი გამყარება მთლიანად შეესაბამება საბაზო მოლოდინებს, რაც ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერში ჩამოყალიბდა. შეფასების თანახმად, ამჟამად ინფლაციის რისკი არ არის გამწვავებული, ხოლო ლარის რეალური ეფექტური კურსი — სავაჭრო პარტნიორების ვალუტების მიმართ — კვლავ მცირედით გაუფასურებულია. ეს კი იმპორტული ფასების გაზრდის რისკს იწვევს და ლარის გამყარების არგუმენტს აძლიერებს.

მოლოდინი: ლარის მეტ სიმყარეს უნდა ველოდოთ, თუ ინფლაციური ზეწოლა გაძლიერდება

თიბისის გუნდი ვარაუდობს, რომ თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზრდება, ეროვნული ბანკის მიერ დაგროვებული რეზერვები შესაძლოა ლარის გაცვლით კურსში მეტ სიმყარედ აისახოს. ამ ეტაპზე ბაზარზე სტაბილური გარემოა და ლარის პოზიციებს როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორები უმაგრებს ზურგს.