ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება და ქართულ პროდუქტზეც მოთხოვნა მოიმატებს

საქართველოს მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უკვე ეკონომიკურ ომში გადაიზარდა. რუსეთ-აზერბაიჯანს და რუსეთ-სომხეთს შორის არეული ურთიერთობა შესაძლოა, საქართველოსთვის დადებითი შედეგის მომტანი იყოს. სხვათა შორის, ივნისში საქართველოდან ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა და ეს ტენდენცია დიდი ალბათობით მომავალშიც შენარჩუნდება.

სომხეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ომი ახალ ფაზაში გადადის. სომხეთის წინააღმდეგ რუსული ბლოკადის სიას ალკოჰოლის, თევზეულისა და ყვავილების შემდეგ თხევადი გაზი შეემატა. დაბრკოლება უკვე თამბაქოს ექსპორტსაც შეეხო, თუმცა სომხურ და რუსულ მედიაში თამბაქოს ექსპორტის ბლოკირებაზე ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

სომხურ-რუსული "სავაჭრო ომი” 18 ივნისის შემდეგ დაიწყო, როცა ერევანში სომეხი ოლიგარქი, სამველ კარაპეტიანი საკუთარ სახლში ხელისუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 59 წლის სამველ კარაპეტიანი რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში 44-ე, ხოლო მსოფლიო მილიარდერთა სიაში 1102-ე ადგილზეა. მისი ქონება 3.2 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

დაძაბული ურთიერთობაა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორისაც. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ეკატერინბურგში 50-ზე მეტი აზერბაიჯანული წარმოშობის ადამიანი დააკავეს. ორი მათგანი დაიღუპა, კიდევ ორი მძიმედ დაშავდა რეიდის დროს. ბაქომ მოითხოვა დამნაშავეების დასჯა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ დაკავებები განხორციელდა სერიოზული დანაშაულების გამოძიების ფარგლებში და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დააკონკრეტა, რომ საუბარია 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებთან დაკავშირებულ საქმეებზე.

ფაქტია, რომ ბოლო დროს საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ეს ყველაფერი უკვე ეკონომიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ამ ვითარებაში შესაძლოა, საქართველომ გარკვეული სარგებელიც კი ნახოს ვაჭრობის გარკვეული სექტორების გააქტიურებით.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, თეორიულად სარგებლის მიღება საქართველოს მართლაც შეუძლია, თუმცა რეგიონში სიტუაციის დამატებით გამწვევება უფრო მეტად უარყოფითად აისახება კავკასიაში არსებულ სახელმწიფოებზე, ვიდრე დადებითად.

"ამ მოცემულობას თეორიულ დონეზე თუ განვიხილავთ, მაშინ, შესაძლოა, ჩავთვალოთ, რომ დაპირისპირების გამწვავებამ გარკვეული სახის ეკონომიკური ბენეფიტები მოგვიტანოს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს ჩვენი მხრიდან ვაჭრობა ამ ქვეყნებთან, მაგრამ სასურველია მსგავსი რამ საერთოდ, არ მოხდეს. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი კონფლიქტი. ისედაც რთული რეგიონია, ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოა, რომელიც სხვადასხვა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებობს და პერიოდულად მწვავდება ხოლმე. როდესაც ტერიტორია არის კონფლიქტის ეპიცენტრში, ბუნებრივია, ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს, მიუხედავად იმისა, საქართველო მონაწილეობს თუ არა.

ასე, რომ ვისურვებდი, მსგავსი კონფლიქტი რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყოს კავკასიის რეგიონში, რადგან ამას თითოეული ქვეყნისთვის ერთადაც და ცალ-ცალკეც პრობლემების მოტანა შეუძლია.

თეორიულ დონეზე კი შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის გამწვავებულმა კონფლიქტმა ჩვენ დამატებითი შესაძლებლობა მოგვცეს სავაჭრო ეკონომიკური თანმშრომლობის კუთხით, მაგრამ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა პოლიტიკურ დაძაბულობას ყოველთვის გავლენა აქვს რეგიონზე”, - უთხრა "რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ.

დაახლოებით იგივე პოზიციაზეა ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს სურვილი და მიზანიც დალაგებული ურთიერთობა უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, ეკონომიკური პოტენციალი უფრო მეტი იქნება.

"როდესაც მეზობელ ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობაა, ამით შეიძლება მოკლევადიანი სარგებელი მიიღოს ქვეყანამ ან მისმა რომელიმე სოციალურმა ჯგუფმა. ეს იგივეა, რომ მეზობლის სახლს ცეცხლი ეკიდოს და ამაზე სხვა ხელს ითბობდეს. ეს ის ეფექტი არ არის, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელს მოიტანს, ამიტომ ჩვენი სურვილი და მიზანიც დალაგებული ურთიერთობა უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური პოტენციალი იქნება გაცილებით მეტი. აღმშენებლობისკენ მიმართული ეკონომიკა ითხოვს დამატებით რესურსებს და ამ დროს ჩნდება დამატებითი მოთხოვნა. დამატებითი მოთხოვნა კი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ხდება, არამედ გადაედინება მეზობელ ქვეყნებშიც და შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ქართულ პროდუქტიაზეც”, - განუცხადა სოსო არჩვაძემ "რეზონანსს”.

რეგიონის ქვეყნებს შორის არსებულ არეულ ურთიერთობაზე ისაუბრეს 'სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში”. როგორც მათ მიერ მომზადებულ განცხადებაში წერია, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბულ სიტუაციას შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსათვის რიგი დადებითი სავარაუდო შედეგი გააჩნია, რაც პირველ რიგში, რეგიონში რუსეთის როლის შესუსტებით და აზერბაიჯანის, როგორც დერეფნის საკვანძო მოთამაშის პოზიციების განმტკიცებითაა განპირობებული. მათივე პოზიციით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობა, აზერბაიჯანს უბიძგებს ეძებოს ტვირთების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტები რაც თანხვედრილია საქართველოს ინტერესებთან.

რადგან კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში საქართველოს შესაძლო სარგებელზეა საუბარი, საინტერესოა, როგორია ბოლო პერიოდის სავაჭრო სტატისტიკა?

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11 მილიარდ 933 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია.

"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული 6 თვის ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებით, ექსპორტი 3 მილიარდ 234 მილიონ დოლარი იყო, რაც გასული წლის 6 თვის სტატისტიკას 13.7%-ით გაზრდილია, ხოლო იმპორტი 12.4%-ით 8 მილიარდ 699 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5 მილიარდ 465 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ივნისში ექსპორტი 10.2%-ით 639 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი მცირედ - 0.8%-ით 1 მილიარდ 373 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ უკვე ივნისში ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, თუკი ივლის-აგვისტოს მონაცემებიც გაუმჯობესებას აჩვენებს, მაშინ გარკვეულწილად დადასტურება, რომ საქართველოს როლი რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში კიდევ უფრო ძლიერდება.

წყარო: resonancedaily.com