დღეს ქვეყანაში არის ხორბლის 2-თვიანი მარაგი - შემოსატანი ფასები და ფქვილის ფასიც სტაბილურია, - ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლევან სილაგავამ ყაზახეთიდან ხორბლის შემოტანაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მოსავალი მაღალი აქვთ მათ, თუმცა ლოჯისტიკური ჯაჭვი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ
დიდი რაოდენობა შემოვიდეს ქვეყანაში.
„ყაზახეთთან მიმართებაში, პულსზე გვიჭირავს ხელი. ისევე, როგორც რუმინეთის, ბულგარეთის და უკრაინის შემთხვევაში. როგორც კი შესაძლებლობაა ფასების მიმართ კონკურენციაში შევიდნენ ეს ქვეყნები ხორბალთან დაკავშირებით, ვიყენებთ ხოლმე.
კონკრეტულად ყაზახეთის შემთხვევაში მოსავალი მაღალი აქვთ მათ, თუმცა ლოჯისტიკური ჯაჭვი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დიდი რაოდენობა შემოვიდეს. ალბათ, ეს პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება.
საქართველოში ყაზახეთის საელჩომ მოგვმართა ჩვენ, გარკვეული კონსულტაციები მიდის ყაზახურ მხარესთან, მაგრამ ლოჯისტიკურ მხარეზე თუ რაიმე გადაწყვეტილება ყაზახეთმა ვერ მიიღო, ეს შეიძლება ინტენსიური არ იყოს.
ჰიპოტეტურად, ფასი შესაძლოა ნაკლები იყოს ყაზახეთში, მაგრამ მისი ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდებოდეს. ფასმა უნდა მოგვცეს საშუალება, რომ რუსეთთან შევიდეთ კონკურენციაში. სტაბილურად მომწოდებლად რუსეთი რჩება. დაცვის ყველაზე მაღალი მექანიზმი არის მარაგების არსებობა. თუ არის მარაგი, მნიშვნელობა არ აქვს საიდან მოგაქვს პროდუქცია, გადაწყობას ვახდენთ დროის გარკვეულ მონაკვეთში. დღეს ქვეყანაში არის 2-თვიანი მარაგი, ქართველ ფერმერებს აქვთ ხორბალი შენახული, რომლის რეალიზებაც მიდის. ინტენსიურად შემოდის ხორბალი. თუ რაიმე პრობლემა იქნება სხვა ბაზრებზე გადავდივართ“,- აღნიშნა სილაგავამ მედიაცენტრ “მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.