ეკონომიკის სამინისტროში საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს აფასებენ. მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ თებერვალში ეკონომიკის ზრდის 9.5%-იანი მაჩვენებელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია და ეკონომიკური აქტივობის ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში.

„ეს მაჩვენებლები რეგიონის და ევროპის მასშტაბით შთამბეჭდავია, თუმცა ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და დავაჩქაროთ პოტენციური ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ უფრო მეტად ინკლუზიური, რათა ეკონომიკური ზრდის სარგებელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე აისახოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე რიგი გადაწყვეტილებების და ინიციატივების შესახებ საუბრობს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლადაა მიმართული. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს, რომლის შესახებ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ეცნობება. მინისტრის მოადგილის შეფასებით, მთავრობის ღონისძიებებს პოზიტიური გავლენა ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და ინდუსტრიული განვითარების და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, რაც თავის მხრივ აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.

2024 წლის თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, იანვარ-თებერვალში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ს გაუტოლდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: დამმუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.