ჩვენთვის ეკონომიკაში პრიორიტეტულია ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფერო, ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. აგრეთვე ვმუშაობთ ე.წ. შუა დერეფნის, ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, რომელიც არ არის მხოლოდ სატვირთო, სატრანზიტო გადაზიდვები, ეს არის სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ოპერაციები, რომლის ფარგლებშიც დამატებითი ღირებულება იქმნება, რასაც ეკონომიკაში წვლილი შეაქვს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალის ოფიციალურად ამოქმედების ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, შუა დერეფნის განვითარება მშრალი პორტის მსგავსი პროექტების განვითარებით არის შესაძლებელი.

„ჩვენთვის ეკონომიკაში პრიორიტეტულია ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფერო, რაც ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი მიმართულებაა და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. აგრეთვე ვმუშაობთ ე.წ. შუა დერეფნის, ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, რომელიც კომპლექსური ეკოსისტემაა. ეს არ არის მხოლოდ სატვირთო, სატრანზიტო გადაზიდვები, ეს არის სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ოპერაციები, რომლის ფარგლებშიც იქმნება დამატებითი ღირებულება, რასაც ეკონომიკაში წვლილი შეაქვს. შუა დერეფნის განვითარება მსგავსი პროექტების განვითარების სახით წარმოგვიდგენია. ეს არის მულტიმოდალური, მნიშვნელოვანი სატერმინალო ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ტვირთის დახარისხების და ტვირთის დამუშავების საშუალებას მოგვცემს. შესაბამისად, საქართველოში დამატებითი ღირებულება შეიქმნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მატებს ის, რომ თბილისში მდებარეობს, სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო კვანძთან არის ძალიან ახლოს და იძლევა როგორც საჰაერო, ისე სატრანსპორტო და სარკინიგზო დაკავშირების საშუალებას.

„პროექტი საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით განხორციელდა. მის განხორციელებაში ჩართულია ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: „აბუ დაბის პორტების ჯგუფი“, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საპორტო ოპერატორი; ასევე, „ვილჰელმსენ პორტ სერვისი“, რომელიც მსოფლიოში ათასობით პორტშია წარმოდგენილი. ეს ყველაფერი წარმატებული პროექტის შექმნის წინაპირობას ქმნის. დღეს ვსაუბრობთ მხოლოდ პირველი ფაზის გახსნაზე, მაგრამ შემდგომში იქნება დიდი მშრალი საპორტო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.