ენერგეტიკოსები მთავრობის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, თუმცა გარკვეული პირობებით
საქართველოს მთავრობა 2030 წლამდე ქვეყნის შიდა დადგმული სიმძლავრის 10 ათას მეგავატამდე გაზრდას გეგმას, რასაც დიდი ჰესების მშენებლობით აპირებს. ისეთით, როგორიცაა ნამოხვანჰესი, ნენსკრა და ხუდონჰესი, თუმცა საინტერესოა, როგორ მოხდება ამ გეგმის რეალიზება მაშინ, როდესაც საქართველოში ჰესებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და არაერთი ხელშეკრულება დარღვეულა?
ზემოთ ჩამოთვლილი ჰესებიდან ნენსკრას მშენებლობა დაწყებულია, თუმცა პროექტი გაჩერებულია. დანარჩენი ორი ჰესის მშენებლობა არც დაწყებულა, თუმცა დიდი ხანია გეგმაშია ახალი ობიექტების შემატება საქართველოს ენერგეტიკისათვის.
არსებული მდგომარეობით, ნამოხვანის, ხუდონჰესისა და ნენსკრაჰესის საინვესტიციო მოცულობა 800 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დროს, პროექტზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩატარებული.
2011 წელს ჰესის განვითარებისთვის სახელმწიფოსა და ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკას" შორის საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდა და ინვესტორს ჰესის აშენებისთვის გარანტირებული სიმძლავრის ტარიფიც მიენიჭა, თუმცა „ტრანს ელექტრიკას" პროექტის ფაქტობრივი განხორციელება არ დაუწყია, ხოლო შემდგომში კი 2021 წელს მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ კომპანიასთან საინვესტიციო შეთანხმება შეწყდებოდა.
რაც შეეხება 280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრაჰესს, მისი მშენებლობა ნომინალურად 2014 წელს, მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პროექტის ინვესტორია კორეის უმსხვილესი ენერგეტიკული კორპორაცია „ქეი ვოთერი“, რომელიც პროექტის 90%-ს ფლობს, 10%-ის მფლობელი კი საპარტნიორო ფონდი (ამჟამად საქართველოს განვითარების ფონდია).
ნენსკრაჰესის დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კრედიტით იგეგმებოდა, თუმცა ამ პროექტზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სასესხო ხელშეკრულებები არ დამტკიცდა, რაც მისი გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
რაც შეეხება 433-მეგავატის სიმძლავრის ნამოხვანჰესის კასკადს, ინვესტორი, კომპანია „ენკა“ პროექტის განხორციელებით და აქტიური წინამოსამზადებელი სამუშაოებით იყო დაკავებული, თუმცა პროექტთან დაკავშირებით შექმნილი პროტესტის გათვალისწინებით 2021 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა, რომელშიც 2024 წლის დეკემბერში გაიმარჯვა და სახელმწიფოს მის სასარგებლოდ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. მთავრობამ ეს განაჩენი გაასაჩივრა.
ამ ყველაფრის გარდა, ენერგეტიკის განვითარებას არაერთი წინააღმდეგობა შეხვედრია საქართველოში. მოსახლეობის პროტესტი თითქმის ყველა დიდი თუ პატარა ჰესის მშენებლობას სდევს თან. მიუხედავად ასეთი პირობებისა, საქართველოს მთავრობა 2030 წლისთვის გეგმავს, გამომუშავებამ ელექტროენერგიის მოხმარებას გადააჭარბოს.
„თქვენ გახსოვთ რომ მთელი აგენტურა იყო ჩართული სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხებაში. ამ დროს არის ძალიან დიდი რესურსი იგივე ნენსკრას, ხუდონის, ნამოხვანის მიმართულებით და ყველა მიმართულებით არის საჭირო ინტენსიური მუშაობა, ასევე მცირე და საშუალო ჰესების, ასევე მზის და ქარის სადგურების მშენებლობის მიმართულებით. აქ არის სერიოზული მუშაობა საჭირო და გვინდა რომ 10 000 მეგავატს გადავაჭარბოთ უკვე 2030 წლისთვის ადგილობრივი დადგმული სიმძლავრით და ამ ენერგეტიკული პროექტების განხორციელების გარეშე ვერ იქნება ეს მიზანი მიღწეული. ამოცანაა რომ 2030 წლისთვის მოხმარებას გადააჭარბოს გენერაციამ, ეს სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სპეციალისტები ენერგეტიკის განვითარებას მიესალმებიან, თუმცა როგორც ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ განაცხადა, ენერგოობიექტები ყველაფერთან შესაბამისობაში უნდა იყოს.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრე უნდა გაიზარდოს, თუნდაც დიდი ჰესები ხარჯზე, მაგრამ ეს ყველაფერი ეკონომიკური გათვლებიდან უნდა გამომდინარეობდეს - რას გვაძლევს ობიექტი, რა ტარიფი შეიძლება იყოს, რა საფრთხეებია და ა.შ. თუ ყველანაირი კრიტერიუმი იქნება გათვლილი და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაშინ ასეთი ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს.
მე მომხრე ვიყავი და ახლაც ვარ ხუდონჰესის აშენების, მაგრამ ვეწინააღმდეგები ნამოხვანჰესის აშენებას. ვისაც თავის დროზე ამ ობიექტის ხელშეკრულება აქვს წაკითხული, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა ტარიფი უნდა ყოფილიყო, მიუღებელი იყო ჩემთვის და სხვებისთვისაც. საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს, რომ ძალიან ცუდი ეკონომიკური გათვლები იყო. ასე რომ, საქართველოს ენერგეტიკა უნდა განვითარდეს, მაგრამ შესაბამისობაში ეკოლოგიასთან და რაც მთავარია, ტარიფის ზრდა არ უნდა იყოს ამაზე დამოკიდებული“, - განუცხადა „რეზონანსს“ თემურ ჭიჭინაძემ.
კიდევ ერთი ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა ფიქრობს, რომ მთავრობის გეგმის რეალიზება შესაძლებელია, თუმცა ყველა ობიექტი შესაბამისი პირობების სრული დაცვით უნდა აშენდეს.
„საპროექტო გადაწყვეტილებების სრულყოფის ხარჯზე და შესაბამისი მოთხოვნების სრული გათვალისწინების საფუძველზე უნდა განხორციელდეს მშენებლობა. მოახლოებას უნდა მისცეს იმის საშუალება, რომ კარგად გაერკვნენ. როდესაც ისინი დარწმუნდებიან, რომ სიკეთე გაცილებით მეტია, ვიდრე ზარალი ან უარყოფითი ზემოქმედება, მაშინ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ობიექტების მშენებლობის სასარგებლოდ.
მთავრობის გეგმის განხორციელება დარჩენილ წლებში რეალურად შესაძლებელია, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება საპროექტო გადაწყვეტილებების გადასინჯვა და წესრიგში მოყვანა, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც ითხოვს, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ისე საერთაშორისო სტანდარტები ეკოლოგიასთან, ეკონომიკასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ჩვენი ქვეყნისათვის მთავარი საკითხი არის ელექტროენერგეტიკის განვითარება და მისი უსაფრთხოება და არა ის, რომ ჩვენ ვიყოთ დამოკიდებული მეზობელი სისტემებზე და მათგან ვიღებდეთ ენერგიას. მოსახლეობას არ ესმის რას ნიშნავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ეს ნიშნავს იმას, როდესაც ქვეყანა აწარმოებს ელექტროენერგიას საკუთარი რესურსებს ხარჯზე და არა იმპორტირებული მეზობელი სისტემების მეშვეობით“, - განუცხადა ანზორ ჭითანავამ „რეზონანსს“.
წყარო: resonancedaily.com