საქართველო ეროვნული ბანკი ფინანსური დოლარიზაციის შესამცირებლად და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკების მინიმიზაციისთვის აქტიურად მუშაობს. ეროვნული ბანკი ამ მხრივ წლებია მუშაობს და შედეგიც სახეზეა, წლების მანძილზე ეტაპობრივად შემცირდა ფინანსური დოლარიზაცია, თუმცა მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები და მიმდინარე დონე, ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რაც ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო შეიძლება იყოს, - ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსმა მარიამ ხარაიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე სასესხო დოლარიზაცია, დაახლოებით, 43%-ია, რაც უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე გასულ წლებში იყო.

"გაცხადებული პოლიტიკის თანახმად, ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროფინანსური გარემოს და მაკროეკონომიკური რისკების გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხებზე ლიმიტი 500 000 ლარიდან 750 000 ლარამდე გაზრდილიყო.

როგორც აღვნიშნე, დოლარიზაცია ეტაპობრივად მცირდება. ეს პროცესი, რომ შეუქცევადად გაგრძელდეს ეროვნული ბანკი, თავისი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. მიმდინარე რეგულაციით, რომლითაც უცხოურ ვალუტაზე არაჰეჯირებული სესხის შემთხვევაში 500 000 ლარიდან, 750 000 ლარამდე ავიდა - ეროვნული ბანკის შეფასებით ამის შედეგი პორტფელზე დაახლოებით, 150 000 მლნ დოლარის ეკვივალენტური იქნება ლარში და წლიურ ჭრილში ეს, დაახლოებით, 1000 სესხია.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი სტრუქტურული რისკების მინიმიზაცია, რომელიც ფინანსური დოლარიზაციიდან მომდინარეობს. შესაბამისად, ზოგადად საბანკო სექტორისთვის, ფინანსური სექტორისთვის, მისი შეფასებისთვის და რეიტინგისთვის და ყველა მსგავსი ნიშნულისთვის - ეს პოზიტიურ წვლილს შეიტანს. დოლარიზაციის შემცირებაზე მოქმედებს არა მხოლოდ მიმდინარე გადაწყვეტილება, არამედ ის ინსტრუმენტები, რომლებიც ეროვნულ ბანკს აქვს დანერგილი დოლარიზაციის შემცირების მიზნით და ვფიქრობთ, რომ ეს ნიშნული 43%-ზე დაბლა გააგრძელებს სვლას, სესხების ჭრილში ეს, დაახლოებით, 1000 სესხია, ხოლო რაოდენობაში 150 000 მლნ დოლარის ეკვივალენტური ლარში", - აცხადებს მარიამ ხარაიშვილი.

ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა.