30 წელი, რაც ლარია შემოღებული და პერიოდულად მის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, მათ შორის, პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან, უწინასწარმეტყველებდნენ კუპონიზაციას და ყველას ავიწყდება, რომ ლარი ანარეკლია იმის, რაც საქართველოს ეკონომიკაში ხდება - ადამიანს თუ სიცხე აქვს არ შეიძლება დამნაშავე თერმომეტრი იყოს, - ამის შესახებ აკადემიკოსმა, ვლადიმერ პაპავამ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე შეფასებით, მიუხედავად ლარზე სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ზეწოლისა, მან პრაქტიკულად, ყველა ქარტეხილს გაუძლო.
"ლარის შემოღებით საქართველომ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ძალიან სერიოზული ინსტიტუციური ნაბიჯი გადადგა. როცა ქვეყანას აქვს საკუთარი ეროვნული ვალუტა და მისით მონეტარული ბაზრის რეგულირება შეუძლია - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნუ დაგვავიწყდება, რომ სანამ ეროვნული ვალუტა, ლარი შემოვიდოდა ჩვენ უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით, ანუ რუსეთის სავალუტო ზონაში - რუბლის და შემდეგ იყო უხეიროდ შემოღებული კუპონის რეფორმა, რომელმაც საქართველო დააქცია. ამის ფონზე სერიოზული მნიშვნელობა ჰქონდა საერთაშორისო, საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმებით ისეთი ვალუტის შემოღებას, რომელიც სტაბილური იქნებოდა.
თუ ისეთი რამ ხდება რაც ეკონომიკისთვის არ არის კარგი, ლარი ამას ასახავს. ლარი საკმაოდ ქმედითი, მყარი და სტაბილური ინსტრუმენტია", - აცხადებს ვლადიმერ პაპავა.
ცნობისთვის, ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობს. მათ შორის არიან ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების - Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.