“ვფიქრობ, საქართველოში სადაზღვევო კომპანიებს უკიდურესად მოკრძალებული მარჟები აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ.” - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სადაზღვევო კომპანია არდის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება სადაზღვევო პოლისები იაფი არ არის, თუმცა ყველაფერი შედარებითია. კომპანიების მიხედვით განსხვავდება ანაზღაურება და ფასი.
“სადაზღვევო ინდუსტრია ერთ-ერთი გამჭვირვალე ინდუსტრიაა, ჩვენი "რეპორტები" ყველგან დევს. შესაბამისად, იმის შეფასება თუ რა შედეგები აქვთ სადაზღვევო კომპანიებს, ძალიან მარტივად შეიძლება. როდესაც საყოველთაო ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ და ვუყურებთ ფასების ზრდას, რომელიც ჩვენ არანაირ სარგებელს გვაძლევს, ამ კუთხით მოქნილობა არ გვაქვს. ჩვენთვის სტაბილურობა მნიშვნელოვანია, ვიდრე მუდმივ დინამიკაში ფასის მერყეობა, რომელსაც 12 თვის შემდეგ ვეწევით,” - ამბობს მიხეილ ჯაფარიძე.
მან ასევე საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპის განვითარებაზეც ისაუბრა, მისი თქმით, ეს სწორი პრინციპია, თუმცა ამ პრინციპის დაცულობის გზით, სად უნდა იყოს სახელმწიფოსა და კერძო ინდუსტრიის კოლაბორაცია, აქ უკვე ჩნდება კითხვა.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის I კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ ₾26 მლნ შეადგინა.
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას, 2025 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდერობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 66.7 მილიონი ლარით და ბაზრის 27% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია "იმედი L" – 53.4 მლნ ლარით (ბაზრის 21%), მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია "არდი" - 29.2 მლნ ლარით (ბაზრის 12%).
წყარო: ბიზნესპარტნიორი