თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია.

საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ ივნისში მიღწეული ჩარჩო შეთანხმების შემდეგ, დაახლოებით ერთთვიანი პაუზის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ გამწვავდა, თუმცა ვითარება არაერთგვაროვანი და სწრაფად ცვალებადია. როგორც თიბისი კაპიტალი ივნისში მიუთითებდა, ბაზრებმა დეესკალაციის ნიშნები, შესაძლოა, ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასა, რასაც სასაქონლო ფასების მკვეთრი მერყეობა მოჰყვა.

"ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ესკალაციის ძირითადი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის კონტექსტში ინფლაციაზე მოდის და არა ეკონომიკურ ზრდაზე - რეალურ დროში ხელმისაწვდომი მონაცემებით, ივლისში აქტივობის შენელება არ ფიქსირდება.

ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, წლის პირველი ნახევრის საშუალო მაჩვენებელმა კი - 7.9%, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალი 2026 წელს ეკონომიკური ზრდის 7.4%-იან საბაზო სცენარს უცვლელად ინარჩუნებს. ივლისის მეორე ნახევრიდან საქართველოს აეროპორტებში საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა, ხოლო როგორც მთლიანი, ასევე არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ძლიერ დინამიკაზე მიუთითებს. დეტალური მონაცემების მხრივ, აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში ზრდის ძირითადი კომპონენტი კვლავ მოხმარება იყო. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის ექსპორტის ზრდის ფონზე, დადებითი წვლილი შეიტანა წმინდა ექსპორტმაც.

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის სეზონურად შესწორებულმა პროფიციტმა, რეინვესტირებული შემოსავლების გამორიცხვით, მშპ-ის 0.1% შეადგინა (სეზონურად შესწორებამდე მშპ-ის 3.2%-ის დეფიციტი). 2025 წლის მეორე კვარტალიდან ეს ბალანსი, ზედიზედ ოთხი კვარტალია, დადებითია და ამ პერიოდში მშპ-ის 1%-ს შეადგენს, რაც ისტორიული მონაცემების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო დანარჩენი მსოფლიოს მიმართ წმინდა კრედიტორი იყო. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესება ძირითადად ICT სექტორის ექსპორტმა უზრუნველყო. ძლიერი სასაქონლო ექსპორტისა და შედარებით სუსტი იმპორტის ფონზე, წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა სავაჭრო დეფიციტიც, რაც მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის შემდგომ გაუმჯობესებაზე მიუთითებს. როგორცთიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, საერთაშორისო ფასების ზრდა, ერთი მხრივ, ინფლაციურ წნეხს აძლიერებს, თუმცა, მეორე მხრივ, საექსპორტო შემოსავლების ზრდასაც განაპირობებს.

მარტსა და აპრილში რეგიონულმა დაძაბულობამ ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა ბოლო თვეებში აღდგენა შეინიშნება. მეორე კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა. კლება ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებზე მოდიოდა, რასაც ნაწილობრივ აბალანსებდა ევროკავშირიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან შემოსავლების ზრდა. მაისსა და ივნისში, ჩვენი შეფასებით, შემოსავლებმა უკვე გასული წლის დონეს გადააჭარბა. თავის მხრივ, ივლისის ოპერატიული მონაცემებით, კონფლიქტის გამწვავების მიუხედავად, გაზაფხულის მსგავსი შენელება არ იკვეთება.

ივნისში წმინდა სავალუტო შემოდინებები დამატებით გაიზარდა, რასაც ძირითადად კვლავ სასაქონლო პროდუქციის ექსპორტი განაპირობებდა. სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბის ფონზე, წლის პირველ ნახევარში სებ-ის სავალუტო შესყიდვებმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ივნისის ბოლოს წმინდა რეზერვების შეფასებამ 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწია. მცირედით გამყარდა ლარიც, თუმცა, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ჯერ კიდევ წონასწორულ ნიშნულზე სუსტი რჩება - როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან ჭრილში. ამ ეტაპზე, ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზი უცვლელია: წლის ბოლოს ერთი დოლარი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტენდენციები უფრო ძლიერი ლარის სცენარისკენ იხრება.

გლობალურ ბაზრებზე ინფლაციური წნეხის კვლავ გაძლიერების ფონზე, 2026 წლის ბოლოს თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზი 5.1%-დან კვლავ 6%-მდე იზრდება. შესაბამისად, პროგნოზი, ფაქტობრივად, უბრუნდება წინა სცენარს, რომელიც კონფლიქტის შედარებით ხანგრძლივ დონეზე შენარჩუნებისა და დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებებს ეყრდნობოდა. რადგან აღნიშნული წლის დარჩენილ პერიოდში ნავთობის გარკვეულწილად გაიაფებას მოიაზრებს, იმ შემთხვევაში, თუ ფასები უცვლელი დარჩება ან გაძვირდება, ინფლაციის პროგნოზი, შესაძლოა, დამატებით გაიზარდოს.

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი საწვავისა და საკვების ფასების, ასევე ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამ შეიტანა. ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები სამომხმარებლო ფასებზე მეტწილად ზომიერ წნეხზე მიუთითებს. ივლისში მსოფლიო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასები, ბოლო დღეებში მცირედით ნორმალიზების მიუხედავად, მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ბენზინი, რომელიც თვის დასაწყისში მცირედით გაიაფდა, 20 ივლისიდან მსხვილ ქსელებში უკვე ისევ გაძვირდა.

29 ივლისის სხდომაზე სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე შეინარჩუნა, რაც მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად წლის ბოლომდე განაკვეთის უცვლელად დატოვება რჩება, თუმცა, საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური წნეხის გაძლიერების შემთხვევაში, გამორიცხული არც 8.5%-მდე დამატებითი ზრდაა", - ნათქვამია თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.