საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია.

როგორც „საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

„2025 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

2025 წლის I კვარტალში პირველ ადგილზეა ჩეხეთი - 43.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.9 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება აშშ - 39.6 მლნ. აშშ დოლარით (22.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 28.1 მლნ. აშშ დოლარით (15.7 პროცენტი).

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7 პროცენტს შეადგენს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2025 წლის I კვარტალში, ეკონომიკის სექტორების მიხედვით მოცემულია ცხრილში.