სამი წლის წინ, როცა წნორში ხორბლის ყანას ჭია გაუჩნდა, ფერმერმა ვასილ მირიანაშვილმა აღმოაჩინა, რომ ტრაქტორით შეწამვლისას ხარჯი დიდი იყო და თავთავის მოსავლის 5% -ს აზიანებდა. პროფესიით აგრონომმა ეფექტური გამოსავალი იპოვა და ეს საქმე დრონებს მიანდო. გადაწყვეტილებამ გაამართლა. დრონებმა 80 ჰექტარზე გაშენებული თავთავი ორ დღეში შეწამლეს… რაც მთავარია - უდანაკარგოდ.

ძმებ მირიანაშვილებს მიწა ანდერძით არ მიუღიათ, 1998 წელს შეიძინეს და საოჯახო ბიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ განავითარეს. ახლა, ამ ფართობზე სხვადასხვა ჯიშის ხორბალი, ქერი და მზესუმზირა მოჰყავთ.

აღმოჩნდა, რომ ნიადაგი და ადამიანი ერთმანეთს ჰგავს - ერთფეროვნება და სიახლეების მიუღებლობა ორივეს თანაბრად ფიტავს.

„მცენარეთა მონაცვლეობა აუცილებელია. მაგალითად, მუდმივად ხორბალს ვერ დათეს, ნიადაგს ცუდ მდგომარეობამდე მიიყვან. მემარცვლეობაში თესლთბრუნვა და ახალი ჯიშების შემოტანა აუცილებელია. წელს ფრანგული ჯიშის ხორბალი დავთესე, რომელიც დაავადების მიმართ გამძლეა და ცხობისთვისაა იდეალური.“- გვიხსნის ვასილ მირიანაშვილი.

წლებს გამოცდილება თავისით არ მოაქვს. ძმებს ბიზნესში ფუნქციები გაყოფილი არ აქვთ, თუმცა ორივე მუდმივად ყანაში, ან მის ირგვლივ ტრიალებს. აკვირდებიან პროცესებს, ყველა ახალი პრეპარატის ბაზარზე გამოჩენისას სიღრმისეულად იკვლევენ, იძიებენ ინფორმაციას ან კონსულტაციას სხვა სპეციალისტებთან გადიან. მართალია, საკუთარი ხორბლით პურს არ აცხობენ, მაგრამ ერთი თვალის შევლებითაც შეუძლიათ  ხარისხის ამოცნობა.

„ივლისში როგორც კი მოსავალს აიღებ, ნიადაგი მაშინვე უნდა  დაამუშავო, რომ სარეველა არ განვითარდეს. შემდეგ გვალვის რისკია, რის დროსაც მიწა გასკდება და ფენას დავკარგავთ. მემარცვლეობა მთელი წლის განმავლობაში მოითხოვს ყურადღებას“, - ამბობს ფერმერი.

კახეთში ხორბლის მოყვანას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს. ალაზნის ველის ტერიტორია, სადაც წნორიც მდებარეობს, ნაყოფიერი ნიადაგით გამოირჩევა და იდეალურია მარცლეულის მოსაყვანად. “კარგ შედეგად ერთ ჰექტარზე 5-6 ტონა მოსავლის მიღება ითვლება. ყოფილა შემთხვევა 7 ტონაც აგვიღია. თუ ყველაფერს ზუსტად გავაკეთებთ საქართველოში გვექნება საშუალება რომ მოთხოვნის 45 % დავაკმაყოფილოთ”, - განმარტავს მირიანაშვილი.

თუმცა, სიზუსტე წარმატების ფორმულისთვის ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის. ცოდნას, გამოცდილებას, მცენარეებისადმი ზრუნვას და სწორ გადაწყვეტილებებს ამ ბიზნესში ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იღბალი- ( ამ შემთხვევაში “ამინდი” ემატება).

ვენახისგან განსხვავებით, პურის ყანას უამინდობისგან ვერაფრით დააზღვევ. მსგავსი ტექნოლოგიები ჯერჯერობით არ არსებობს. ასეთ დროს, კი ფერმერისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი სანდო ფინანსური ინსტიტუტია. წლებია მარიანაშვილები თიბისის იაფი აგროსესხით სარგებლობენ.

„ბევრჯერ მქონდა შემთხვევა, როდესაც  ყანა დაისეტყვა და მოსავლის მხოლოდ 30 % ამიღია. აქ ბუნებრივია, მოგებაზე საუბარი არ ყოფილა. ნდობა არის ის, რაც მეწარმეს და ბანკს უნდა აკავშირებდეს. თიბისის ასეთ დროსაც გაუგრძელებია ჩემთან თანამშრომლობა, იმიტომ  რომ მენდობა მეც და ჩემს საქმესაც. ეს ურთიერთობა უკვე წლებია გრძელდება, რაც სიმშვიდის, პარალელურად კი განვითარების საშუალებას მაძლევს“, - ამბობს ფერმერი.

განვითარების გეგმებში კი სამაცივრე მეურნეობა და ახალი ფართობის ათვისებაა, სადაც სურთ მრავალწლიანი ნარგავები გააშენონ.