კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა.

GCCA-ის წარმომადგენლის, სანდრო ალაფიშვილის თქმით, ,,ტექნოლაბი” ყიდის პროდუქციას, რომელიც ვიზუალურად და შეფუთვით Apple Inc.-ის ორიგინალურ პროდუქციას ჰგავს, თუმცა Apple-ის ნაწარმი არ არის, რაც მომხმარებლებს ნივთის შეძენისას არ განიმარტება.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მომხმარებელმა განცხადებით მომართა, სადაც აღნიშნავდა, რომ მოვაჭრისგან შეიძინა დამტენის თავი, რომელიც ჰგავდა კომპანია Apple-ის ნაწარმს, თუმცა რეალურად ხსენებული ბრენდის არ აღმოჩნდა. საქმის შესწავლის შემდეგ კი კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიფონ ჯორჯიას“ (ტექნოლაბი) შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. გადაწყვეტილების გამოტანა კანონით განსაზღვრულ ვადაში მოხდა.”- აღნიშნა ალაფიშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს  1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღადგინა დაევალა.

“საქმის შესწავლის ეტაპზე ორი ძირითადი დარღვევა გამოიკვეთა: მოქმედებით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა და უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა. მოვაჭრის მიერ რეალიზებული ადაპტერი, როგორც დიზაინით, ისე ყუთით ძალიან ჰგავს კომპანია Apple-ის ნაწარმს, თუ დაკვირვებული თვალი არ შეხედავს, საშუალო მომხმარებელი ამას ვერ გაარჩევდა; ამიტომაც მოვაჭრეს ევალებოდა წინასწარ მიეწოდებინა ინფორმაცია მომხმარებლისთვის, თუმცა არ მიაწოდა.

რაც შეეხება მოქმედებით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას, ამ შემთხვევაში, ე.წ საგარანტიო ფურცელზე მოვაჭრეს აქვს მითითებული გრაფა- ბრენდი, სადაც ხელით იყო ჩაწერილი კომპანია Apple, რაც სააგენტოს მიერ მოქმედებით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობად შეფასდა.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, “ტექნოლაბს” ერთი თვის ვადა მიეცა, რათა გამოასწოროს დარღვევები და მეორე მხრივ, ამავე ვადაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. როგორც წესი, დარღვევის აღმოჩენის პირველ ეტაპზე ფინანსური ჯარიმა არ დგინდება, ეს მეორე, ანუ მომდევნო ეტაპია. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით გადაწყვეტილების გასაჩივრება სააგენტოს უფლებას არ ართმევს, რომ მოვაჭრეს ჯარიმა დააკისროს”,- აღნიშნა GCCA-ის წარმომადგენელმა, სანდრო ალაფიშვილმა რადიო “კომერსანტის ეთერში.

commersant.ge