თაფლის სადისტრიბუციო და გადამმუშავებელი კომპანია „ლამარია“ ასორტიმენტს ზრდის და ბიომეურნეობის განვითარებას იწყებს.

როგორც კომპანიის დირექტორი ლევან ბიგვავა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, სერტიფიცირების პროცესს "ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის" ხელშეწყობით გაივლის. კომპანია ამ ეტაპზე 4 სახის თაფლს აწარმოებს, როგორიცაა  აკაცია, ალპური, წაბლის და შერეული (წაბლის და ცაცხვის). წლის ბოლომდე ასორტიმენტს ყვავილის თაფლი, ფიჭვის და ჯარა თაფლი დაემატება.

"ლამარიას“ გაფართოების პროექტის განხორციელება დაახლოებით 60 000 ლარი უჯდება. რაც შეეხება წლიურ წარმადობას, 6 ტონის ფარგლებშია. ნედლეულს კომპანია გამოცდილი მეფუტკრეებისგან ყიდულობს. თაფლის შესყიდვამდე ხდება ნიმუშების ლაბორატორიაში მიტანა და შემოწმება, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდება ხდება საწარმოში, სადაც დანერგილია უმკაცრესი სურსათის უვნებლობის სტანდარტი ISO22000.

როგორც ბიგვავა აცხადებს, წარმოების 50% ექსპორტზე  ჩეხეთში გადის, მომავალი წლიდან კი კომპანია საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს როგორც ევროკავშირის, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში. 2023 წელს  კომპანიამ ევროკავშირის ბაზარზე (ჩეხეთში) 6 ტონამდე  ბრენდირებული თაფლი გაიტანა.

ადგილობრივ ბაზარზე  ‘’ლამარიას“ პროდუქტი  წელს პირველად გაიყიდა. პროდუქტი პრემიუმ კლასისაა და  წარმოდგენილია ძირითადად  ბუტიკურ მაღაზიებში: "წისქვილი ბაზარის" მაღაზიებში,’’ზესტის’’ რესტორანში, "წერტის" და "8000 მოსავალის" მაღაზიათა ქსელებში.

"მთელი ძალისხმევა მიმართულია, რომ ბიოსტანდარტი დავნერგოთ. ზოგადად, ბიომეურნეობაზე გადასვლა ურთულესი პროცესია. მიგვაჩნია, რომ ქართული თაფლი იმსახურებს დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიო მეფუტკრეობის საუკეთესო პროდუქტებს შორის. სერტიფიკატი ამაში ძალიან დაგვეხმარება. ‘’ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციაში’’ ვერთიანდებით და შესაბამისად გვიწევს იმ სტანდარტების დაცვა, რაც საჭიროა ბიოპროდუქტის  მისაღებად, ოფიციალურ სტატუსზეა საუბარი, ჩვენი პროდუქტი ისედაც 100%-ით ნატურალურია. სერტიფიკატში ასოციაცია წლიურად 35 000 ლარს იხდის,  იმის მიუხედავად, რა მოსავალს იღებს.  ცხადია,  რაღაც ნაწილში ჩვენც შევეხიდებით“, - განმარტავს ლევან ბიგვავა.

როგორც მეწარმე აღნიშნავს, ყველაზე მეტი მოთხოვნა ალპურ თაფლზეა, რომლის წილიც ‘’ლამარიას“ წარმოებაში  40%-ს იკავებს.

კომპანია 2021 წელს დაარსდა და ამ დროისთვის  5 ადამიანია დასაქმებული.  კომპანიას საკუთარი წარმოება არ აქვს, პროდუქტის დაფასოება ხდება აჭარაში, დაბა ქედაში,  "აგრო ქედას" მიერ,  რომელიც "ლამარიას" კონტრაქტორი კომპანიაა.

BP.GE