ისინი აწესებენ მონოპოლიურ პირობებს და მაქსიმალურად ცდილობენ, არავინ შეუშვან ბაზარზე. მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მეეწარმეებზე
სუპერმარკეტების ბაზაზრე ოლიგოპოლია ყვავის. სამომხმარებლო ბაზრის 52%-ს სამი სუბიექტი აკონტროლებს. კვლევებით დასტურდება, რომ სუპერმარკეტების ბაზრის ნახევარზე მეტი „ნიკორას“, „ორ ნაბიჯსა“ და „კარფურს“ უჭირავს, რაც ისეთი პატარა ბაზრისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი საფრთხის მატარებელია. აშკარაა, რომ ადგილი აქვს ოლიგოპოლიას, რომლის საქმიანობა უამრავი პატარა კომპანიის განვითარებას რისკს უქმნის. ამით არის განპირობებული, რომ ადგილობრივი მეწარმეებისთვის ქსელური მარკეტების დახლებზე წვდომა შეზღუდულია. მეწარმეები უკვე ვერანაირ ფასად ვერ ახერხებენ სუპერმარკეტებში პროდუქციის განთავსებას. ბაზარზე დიდი განუკითხაოიბა და ქაოსია.
ფაქტობრივად ყველა საშუალო ზომის სუპერმარკეტის უკან დიდი ბიზნესი დგას, რომელიც შედარებით პატარა ობიექტებს ავიწროებს და ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობას უსპობს.
FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილის მიხედვით, რომელმაც "თიბისი კაპიტალმა" სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა, 2023 წლის 9 თვეში საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის სექტორი 25%-ით გაიზარდა და 5,06 მილიარდი ლარი შეადგინა.
2023 წლის ცხრა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა ბაზრის ძირითადი მოთამაშეების გადანაწილების კუთხით. შესაბამისად, FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით შემდეგია: „ნიკორა“ – ბაზრის 20.1%; „ორი ნაბიჯი“ – 17.6%; „კარფური“ – 14.6%; „სპარი“ – 13.1%; „მაგნიტი“ – 9.7%; "დეილი" - 4.6%; „გუდვილი“ – 4.3%; „აგროჰაბი“ – 4.2%; „ზღაპარი“ - 2.5%, "გვირილა" - 1.7%.
ამდენად, გასაგებია თუ რა პრობლემაა ბაზარზე რეალურად მსხვილი მარკეტების ოლიგოპოლიური სიტუაციიდან გამომდინარე, რომლის გაუმართლებლად გაზრდილი საგადასახადო პოლიტიკა ბიზნესისთვის ბარიერია, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის.
როგორც მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა გოგა ციცქიშვილმა ,,რეზონანსთან" აღნიშნა, მათი პროდუქციის გაყიდვისთვის დაწესებული ერთჯერადი საწყისი გადასახადი 1000-3000 ლარის ფარგლებშია და ზოგ შემთხვევაში, 30 000-40 000 ლარს აღწევს. იმის გამო, რომ ამ პირობის დაკმაყოფილება მეწარმეების უმეტესობას არ შეუძლია, ისინი საკუთარ პროდუქციას მსხვილ სუპერმარკეტებში ვერ ყიდიან.
გოგა ციცქიშვილის ინფორმაციით, 10-დან 5 მეწარმე შეიძლება ახერხებდეს ამ კაბალური პირობის დაკმაყოფილებას, რაც დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
,,საერთოდ არ აინტერესებთ მცირე და საშუალო მეწარმოება, აბსოლუტური იგნორირება ხდება როგორც მთავრობის, ასევე მსხვილი სავაჭრო ობიექტების მხრიდან. ამ დროს საქართველო 70%-ზე მეტად იმპორტდამოკიდებულია. ცხადია, რომ მსხვილ იმპორტიორებს ადგილობრივი წარმოების განვითარება არ აინტერესებთ.
ქსელური მარკეტების მიერ მეწარმეებისთვის ,,მარკეტინგული ხარჯებისთვის" დაწესებული ერთჯერადი გადასახადი 1000-3000 ლარიდან იწყება და ზოგ შემთხვევაში 30 000-40 000-ს აღწევს. ეს ფული მეწარმემ უნდა გადახადოს მხოლოდ იმისთვის, რომ დახლებზე წვდომა ჰქონდეს. ზოგჯერ პირდაპირ ეუბნებიან, რომ თანხას ერთჯერადად არ გადაახდევინებენ, მაგრამ 6 თვის მანძილზე თანხას დაუქვითავენ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან. პროდუქცია რომ შედის მარკეტში, შემოსავლის ჩარიცხვა ხდება 1 თვის შემდეგ, ამ ხნის განმავლობაში, მეწარმეს უწყვეტი მომარაგების ვალდებულება აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა უწესდება. საიდან უნდა მოიტანოს ეს პროდუქცია, თუკი ასეთი მაღალი გადასახადით წარმოების შესაძლებლობას უზღუდავენ? მსოფლიოში არ მეგულება არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომ მცირე მეწარმეებისთვის ასეთი პირობები არსებობდეს", - განაცხადა გოგა ციცქიშვილმა.
გარდა ამისა, როგორც მეწარმეთა კავშირის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მსხვილი ქსელური მარკეტების წარმომადგენლები ითხოვენ პროდუქციიდან "ქეშბექს", პირობითად, პროდუქტი თუ 5 ლარი ღირს, 50-თეთრიანი ფასდაკლებით შესყიდვას, რის პარალელურადაც ,,მარკეტინგული ხარჯისთვის" დაწესებული გადასახადიც უნდა გადაიხადოს. კიდევ უფრო დიდი ტვირთია რეტრობონუსების სისტემა, სადაც ასევე კაბალური პირობები მოქმედებს.
ამდენად, აშკარაა, რომ ქსელური მარკეტები აწესებენ მონოპოლიურ პირობებს და მაქსიმალურად ცდილობენ, არავინ შეუშვან ბაზარზე რაც ნიშნავს, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მეეწარმეებზე, რომლებსაც თავიანთი პროდუქტის რეალიზაცია და დისტრიბუცია სურთ.
ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ხილარი", რომელიც ექსპორტზე გადის და მაღალი ხარისხის პროდუქტეს ქართულ ბაზარზე სწორედ ამ არაჯანსაღი კონკურენციის გამო ვერ ჰყიდის.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ კაკუშაძემ ,,რეზონანსთან" აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ის პირობები, რასაც რითეილ სექტორი ადგილობრივი მეწარმეებისგან პროდუქტის დახლებზე განთავსების სანაცვლოდ ითხოვს.
,,ჰორეკა სექტორს ვერ გავცდით ქართულ ბაზარზე, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესთან ვთანამშრომლობთ, ეს არის და ეს. სხვა შესაძლებლობა არ გვაქვს, რის გამოც იძულებული ვართ მთელი აქცენტი ექსპორტისკენ გადავიტანოთ. ვცდილობთ ქვეყნის გარეთ გავაძლიეროთ პოზიციები და გეოგრაფიული არეალი გავაფართოოთ, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვაქვს.
ჩვენი მთავარი პრობლემა ქსელური მარკეტების დახლებზე წვდომაა, რის გამოც რეალიზაცია ვერ ხერხდება. სუპერმარკეტებში შესვლა რეალურად დიდი ბარიერია, იმიტომ, რომ კაბალური პირობები აქვთ, არარეალურად მაღალი გადასახადებია, რის გადახდაც ბიზნესს არ უღირს. გლობალურ ბაზრებზე კი დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, საექსპორტო მიმართულებას ვაძლიერებთ“, - აღნიშნა თამაზ კაკუშაძემ.
ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა კომპანია ,,კეთილი და პატიოსანი", რომელიც 100%-ით ნატურალური პროდუქციის მწარმოებელია. კომპანიის დირექტორის გიორგი ახალაძის თქმით, წლის ბოლოს პროდუქცია თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში უნდა შესულიყო, მაგრამ მათი რაოდენობა რეალურად სამს ვერ გასცდა. კომპანიის მიერ გამოშვებული წვენები, სოუსები ,,პოპორელის" ბრენდით, ქვეყნის გარეთ გაიყიდება.
,,ბაზრის დიდი წილის დაკავებას ვგეგმავდით, მაგრამ რეალურად სამი სუპერმარკეტის დახლებზე ვართ წარმოდგენილი. გარკვეული მიზეზის გამო ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობა შეგვეზღუდა. შეიძლება იმის გამოც, რომ წამყვანი სუპერმარკეტები უკვე თვითონ გახდნენ მწარმოებლებიც და თავიანთი პროდუქცია აქვთ. კონკურენციის საკითხია, არ აწყობთ ჩვენი შესვლა, თვითონაც ქმნის ანალოგიურ პროდუქტს და ასე მარტივად არ დაუშვებენ სხვა კომპანიის შესვლას, მით უმეტეს, როცა სერიოზულ კონკურენტს ხედავენ.
ასეთი არასახარბიელო მდგომარეობაა. შესაბამისად, საექსპორტო ბაზრებს ვეძებთ, რომ ჩვენი პროდუქტის რეალიზაცია ქვეყნის გარეთ მოვახდინოთ", - აღნიშნა გიორგი ახალაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
წყარო: resonancedaily.com