2014 წელს დაარსებული „ვივა ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. დაარსების დღიდან კომპანია ჩამოყალიბდა როგორც სანდო პარტნიორი ჯანდაცვის სექტორში და დღეს წარმოადგენს რეგიონულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიურ ბრენდებსა და ადგილობრივ ჯანდაცვის სისტემებს.
კომპანიის მიზანია რეგიონში საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ჯანდაცვის სისტემის განვითარება. „ვივა ჯგუფი“ ორგანიზაციებს ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებაში, ინფრასტრუქტურის განახლებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. კომპანია ქმნის სისტემურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ზრდის ეფექტურობას და აუმჯობესებს პაციენტის შედეგებს.
„ვივა ჯგუფი“ მომხმარებლებს სთავაზობს პრემიუმ კლასის სამედიცინო და ლაბორატორიულ ტექნოლოგიებს, ტრენინგებსა და გრძელვადიან მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ასევე წარმოადგენს ისეთი საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Beckman Coulter, Werfen, Cepheid, BD, Sakura, Bio-Rad, Bruker და Bioeksen. ეს პარტნიორობები მოიცავს არა მხოლოდ პროდუქტის მიწოდებას, არამედ ცოდნისა და ხარისხის სტანდარტების გაზიარებას რეგიონში.
კომპანია აქტიურად ოპერირებს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.
„მივესალმებით „ვივა ჯგუფს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია გამოირჩევა ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით, პაციენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობით და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობით. დარწმუნებული ვართ, რომ „ვივა ჯგუფი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობაში და ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორში მაღალი სტანდარტების განვითარებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.












