ორგანიზაცია Finspot-ი საკონდიტრო მაღაზია-საცხობებს ფინანსურ ანგარიშებს გაეცნო, 6 კომპანიის მაგალითზე (შპს "არბო 2009" (მადარტი • Madart); შპს "FOOD 7" (Tortini • ტორტინი); შპს "ასორტი-ვერე" (Assorti • ასორტი); შპს "კონდი" (საკონდიტრო ბელა • Patisserie Bela); შპს "დოლჩე ვიტა" (დოლჩე ვიტა ''Dolce Vita 88"); შპს "გურმე" (გურმე • Gourmet).
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და რეალიზაცია საკუთარი მაღაზიათა ქსელების მეშვეობით.
საკონდიტრო ბაზარზე „მადარტი“ უპირობო ლიდერია, დანარჩენი საკონდიტრო ქსელები კი მსხვილ კონკურენტთან შედარებით გაცილებით მცირე ზომის არიან. წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობას სექტორის გათვალისწინებით საკმაოდ ჯანსაღი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ: - კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟა საშუალო შეწონილით 13%-ია, ამონაგები აქტივებზე (ROAA) კი 27%.
ბოლო წლებში ყველა კომპანიას, „ასორტის“ გარდა, საკმარისი ფულადი ნაკადები ჰქონდა დივიდენდების გასაცემად.
„მადარტი“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი და ამავდროულად, ერთ-ერთი სწრაფად მზარდი და მაღალი ლიკვიდურობის მქონე საკონდიტრო მაღაზია-საცხობია საქართველოში. 2023 წელს კომპანიის შემოსავლებმა ₾55 მილიონი შეადგინა, რაც 2-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა 2019 წლის ბრუნვას.
დანარჩენ 5 წარმოდგენილ კომპანიას შედარებით მცირე მოცულობის ბრუნვა აქვს, თუმცა ზრდის ტემპი ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მაღალია. „ტორტინი“, „ასორტი“ და საკონდიტრო „ბელას“ ₾11-₾13 მილიონის ფარგლებში აქვთ წლიური ბრუნვა, დოლჩე ვიტა ''Dolce Vita 88"-ს ₾7 მილიონი, გურმე • Gourmet-ს კი ₾6 მილიონამდე.
შემოსავლების ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი „ტორტინი“-ს აქვს, რაც ძირითადად ახალი ფილიალების დამატების ხარჯზე მოხდა.
ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები „ტორტინ“ის აქვს, რაც ძირითადად მაღალი საერთო მოგების მარჟით არის განპირობებული. მომგებიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები კი „ასორტს„ აქვს, რომელიც ვერ ახერხებს ხარჯების ეფექტურ მართვას. კომპანია შემოსავლების 35%-ს მხოლოდ ხელფასებში იხდის, შესაბამისად რეინვესტირებისთის თუ დივიდენდის გასაცემად თანხა არ რჩება. თუმცა, კომპანიის მფლობელი სავარაუდოდ დივიდენდის ნაცვლად ხელფასის სახით იღებს შემოსავალს, რაც ხსნის "ასორტის" ხელფასების ასეთ მაღალ წილს შემოსავლებში.
კომპანიების უმეტესობას მცირე სასესხო ვალდებულება აქვს. შესაბამისად, მაღალი მომგებიანობის და დაბალი ლევერიჯის ფონზე კომპანიები ახერხებენ დივიდენდის გაცემას. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-23 წლებში კუმულატიურად: მადარტი • Madart: ₾9.4 მილიონი; Tortini • ტორტინი: ₾3.4 მილიონი; Assorti • ასორტი: ₾0; საკონდიტრო ბელა • Patisserie Bela: ₾2.5 მილიონი; დოლჩე ვიტა ''Dolce Vita 88": ₾1.0 მილიონი (მოიცავს 2024 წელს გაცემულ ₾0.5 მილიონს); გურმე • Gourmet: ₾0.3 მილიონი“, - ნათქვამია Finspot-ის ანგარიშში.