თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეპუტატი ნინო წილოსანი და მისი ოჯახის წევრების კომპანია მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს.

ნაძალადევის რაიონში, მიწის 10 ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმაზე საკრებულომ თანხმობა გასულ წელს უკვე გასცა.

მშენებლობები დედაქალაქში 204 709 კვ.მ.-ს მოიცავს. საპროექტო ტერიტორიაზე ფუნქციების გადანაწილება იქნება შემდეგნაირად: საცხოვრებელი 75% და კომერციული 25%. რაც შეეხება სიმაღლეს, კომპლექსის ფარგლებში აშენდება რამდენიმე ცათამბჯენი, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა 44 იქნება.

„საპროექტო ტერიტორიის განვითარება იგეგმება უმეტესად საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2-ით, მაგრამ რეგლამენტით გათვალისწინებულ კ2 კოეფიციენტთან მიმართებაში იქნება შემცირებული კ2 კოეფიციენტი და ნაცვლად 4.6-ისა მთელს ტერიტორიაზე ჯამურად ათვისებული იქნება 1.9 (420 000კვ.მ).

საპროექტო გადაწყვეტით, მაქსიმალური სართულიანობა იქნება 44 სართული და სიმაღლე იქნება 154 მეტრი. საშუალო სართულიანობა იქნება 15-20 სართული. ზემოაღნიშნული გადაწყვეტით, ვიღებთ უფრო ნაკლებ მოშენების ფართობს, რაც გვეხმარება საპროექტო გამწვანებული და რეკრეაციული სივრცეების მოწყობაში.

ვინაიდან ხდება შენობების ფუნქციური გადანაწილებების ცვლილება კანონით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად (ინდივიდუალური ნაკვეთისთვის მაქსიმუმ 90% საცხოვრებელი და 10 % კომერციული), კომპანია მზადყოფნას გამოხატავს კანონით დადგენილი შეცვლილი ფუნქციური დანიშნულების 4%-ის შესაბამისი ქონება გადასცეს მუნიციპალიტეტს.  კერძოდ ვინაიდან ჯამური კ2 კოეფიციენტი შეადგენს 420 000 კვ.მ-ს და შეცვლილი პროცენტულობა იქნება 50% შესაბამისად გადასაცემი ფართობი (4%) გამოდის 8381.51 კვ.მ. აღნიშნული ფართის შესაბამისი ღირებულება კანონმდებლობის შესაბამისად (დაანგარიშებული სამხარაულის მიერ დასრულებულ მდგომარეობაში (ე.წ თეთრი კარკასის მდგომარეობაში)) გადახდილ იქნება თანხით.

საპროექტო კ1 კოეფიციენტი იქნება მთელი ტერიტორიისთვის 0,3. გამწვანების კოეფიციენტიც იქნება 0,3, ვინაიდან საპროექტო ტერიტორია უმეტესად საცხოვრებელი ფუნქციით ვითარდება“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტების თანახმად, პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა დაახლოებით 10-15 წელი.

საპროექტო წინადადებაზე ჯერჯერობით არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, თუმცა ის დასაშვებად მიიჩნია დედაქალაქის საკრებულომ. უწყებამ დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც ნიშნავს, რომ კომპანია გააგრძელებს პროექტზე მუშაობას მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად.

ვინ აპირებს მშენებლობას და რა აკავშირებთ დეპუტატ ნინო წილოსანთან?

პროექტს მიხედვით, მშენებლობას სამი დამკვეთი ჰყავს. სწორედ მათ ეკუთვნის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთებიც, ესენია:

შსპ „ვილსონ გარდენი“;
შპს „US TRADING COMPANY“;
სააქციო საზოგადოება „ფროუფგრუპი“.

შპს „ვილსონ გარდენი“ - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „ფროუფგრუპია“, კომპანიის დირექტორი კი – გიორგი ტაბიძე. კომპანიას ასევე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები არიან:

ირაკლი წილოსანი (ნინო წილოსანის ძმა)
ირაკლი (ოთარ) რუხაძე
დავით სამხარაშვილი
გვანცა წილოსანი 
დავით ვეფხვაძე

ოფიციალურად გაფორმებულ დოკუმენტებში „ვილსონ გარდენის“ მისამართი ემთხვევა „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ მისამართს, რომლის პრეზიდენტი ნინო წილოსანის მამა ბადრი წილოსანია.

შპს „US TRADING COMPANY“ -  მფლობელებსა და მეწილეებზე საქართველოს რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება. თუმცა, 2023 წლის იანვარში შევსებული საჯარო მოხელის დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი ნინო წილოსანი 2007 წლიდან ფლობს კომპანიის 25%-იან წილს.

სააქციო საზოგადოება „ფროუგრუპი“ - კომპანიის დირექტორი გურამ რატიანია, რომელიც ასევე შედის „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ საბჭოში, რომლის პრეზიდენტიც ბადრი წილოსანია.

commersant.ge