კურიერული და ექსპრეს გადაზიდვების ბაზარს  რეგულაციები არ სჭირდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  საქართველოში FedEX-ის წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა.

მან „ფოსტის შესახებ“ კანონზე ისაუბრა, რომელზეც მთავრობა 2013 წლიდან მუშაობს და რომლის მიზანიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების და ძირითადი პრინციპების დადგენაა. ამ დროის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივა არაერთხელ გადამუშავდა, ვინაიდან კანონპროექტთან დაკავშირებით კერძო სექტორს შენიშვნები ჰქონდა.

„ეს კანონი სრულად რომ ესადაგებოდეს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას და იმ მოთხოვნებს, რომელიც არეგულირებს ფოსტის საქმიანობას ევროკავშირში, საჭიროა მასში ჩაიწეროს და მკაცრად გაიმიჯნოს უნივერსალური მომსახურება და კურიერული მომსახურება. ეს არის ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ინდუსტრია და ეს ასახული უნდა იყოს კანონპროექტის საბოლოო ვერსიაშიც. უნივერსალური მომსახურება რეგულირებადი სფეროა, კურიერული და ექსპრეს გადაზიდვების ბაზარს კი არ სჭირდება რეგულაციები, რადგან ეს სფერო დღეს სრულად ლიბერალიზებულია საქართველოშიც. ისედაც, ცივილიზებულ სამყაროში, არც ერთ ქვეყანაში არ არის ამ სფეროს რეგულირების პრეცედენტები“, - აღნიშნავს ნინო მენთეშაშვილი

რაც შეეხება  ამანათების განბაჟების 300 ლარიან ზღვარს, მისი ინფორმაციით,  დღევანდელი კურსის პირობებში, ეს არის რელევანტური ზღვარი და თუ ავიღებთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, იქაც  განბაჟების ზღვარი დაახლოებით 100 ევროს შეადგენს.  აქედან გამომდინარე, ნინო მენთეშაშვილი ფიქრობს, რომ განბაჟების 300 ლარიან ზღვარს ნეგატიური გავლენა არ ჰქონია საფოსტო და საკურიერო კომპანიების საქმიანობაზე და ამანათების რაოდენობის კლება არ გამოუწვევია.

ცნობისთვის, საფოსტო სექტორი საკმაოდ მსხვილი დამსაქმებელია და 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების თანამშრომელთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 3700 კაცი შეადგინა.

წყარო: BP.GE