საქართველოდან რუსეთში "ჯორჯიან ეარვეისი” დაფრინავს. რუსეთიდან საქართველოში კი - "აზიმუტი”. "რეზონანსთვის” ცნობილია, რომ საქართველოში ფრენების დაწყება კიდევ ერთ რუსულ კომპანია - "რედ ვინგსს” სურდა, თუმცა უარი ეთქვა.

"ეარ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი კოდუა ადასტურებს, რომ ბილეთები მართლაც ძალიან ძვირია და თვითმფრინავები ნახევრად ცარიელები დაფრინავენ.

"ორ მხარეს შორის პარიტეტი უნდა იყოს დაცული. ყველამ იცის, რომ არასტაბილურობიდან გამომდინარე და სხვა ბევრი მიზეზის გამო, ამ ბაზარზე შესვლაზე ოფიციალურად ვაცხადებ უარს. ჩვენგან დარჩა "ჯორჯიან ეარვეისი” (აირზენა). რუსეთიდან კი "აზიმუტი” და "რედ ვინგსი”. წესით, მეორე გადამზიდი მე რომ ვყოფილიყავი, კომპანიების თანაბრობა იქნებოდა 2-2-ზე, მაგრამ რადგან მე რუსეთში ფრენაზე უარი განვაცხადე, 2-2-ზე აღარ გამოდის და საქართველოდან წარდგენილია მხოლოდ ერთი კომპანია, ამიტომ "აირზენამ” რუსულ კომპანიებს "ჭიდაობა” დაუწყო, რომ ბაზარზე არ შემოუშვას.

საბოლოოდ, ერთი სიხშირე მიეცა "აზიმუტს”, ერთი სიხშირე კი - "აირზენას” და მესამე სიხშირე სურდა "რედ ვინგს”, მაგრამ "ჯორჯიან ეარვეისმა” გააჩერა. "რედ ვინგს” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის სურვილი ჰქონდა, მაგრამ "ჯორჯიან ეარვეისმა” დაბლოკა, ამიტომ ახლა რუსეთიდან დაფრინავს ერთი კომპანია - "აზიმუტი”, საქართველოდან კი - "ჯორჯიან ეარვეისი”. ეს არ ეხება ქუთაისის და ბათუმის მიმართულებას, მხოლოდ თბილისზეა. თავისთავად, ამ ორ ქალაქშიც პარიტეტია.

ბილეთების ფასები აწეულია. მგზავრებიც პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ფრენა 200 ევროდან დაიწყეს და ახლა 400 ევროა. არადა, პარიზში და ევროპის სხვა ქვეყნებში 200 დოლარად შეიძლება გაფრინდეს ადამიანი.

კომპანიებს შეუძლიათ ბილეთები გააიაფონ და მგზავრთა ნაკადი გაიზარდოს, მაგრამ, ალბათ, "აზიმუტი” შეუთანხმა, გაურიგდა "აირზენას” და მუშაობენ ერთიანი ტარიფით. კი ბატონო, თვითმფრინავები შეიძლება იყოს ნახევრად ცარიელი, რადგან ბილეთები ძვირია და ამას ადგენს 'აირზენა და არა ბაზარი”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კოდუამ.