Georgian Airways-ის ყოფილი დირექტორი და მოსკოვის და საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართველი ხალხის სახელით საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისების აღდგენის თხოვნით მიმართეს.

მისი თქმით, ის 7 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ფორუმს ესწრებოდა, სადაც "რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ასპექტები განიხილეს".

​გარდა ამისა, როგორც ბოკერია ამბობს, რუსეთიდან ავიარეისების აღდგენის შესახებ პირველი პასუხი და მზადყოფნა სერგეი ლავროვისგან მოისმინეს.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა უპირველესად ქართველი ხალხის დახმარებაა ​და მისი აზრით, ეს საკითხი არა პოლიტიკურად არამედ ეკონომიკურად უნდა განიხილებოდეს.

"გვინდა თუ არ გვინდა დაკავშირებულები ვართ რუსეთთან. ეს პირდაპირი ავიარეისები, მე ამას არ ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკურ რაღაც საკითხს, მე ვლაპარაკობ როგორც ეკონომიკურ საკითხს, როგორც ბიზნესმენი და როგორც ბიზნესმენი მე ვაფასებ, რომ ჩვენი ეკონომიკის წარმატებისათვის, წინსვლისათვის, ჩვენი ქართველი მოსახლეობის კეთილდღეობისა და კომფორტული მგზავრობისათვის, რასაკვირველია პირდაპირი ავიარეისები რუსეთთან, არა როგორც რაღაც პოლიტიკურ ერთეულთან, არამედ როგორც ბაზართან, როგორც ჩვენი დიასპორის საცხოვრებელთან მნიშვნელოვანია" - ამბობს ბოკერია. 

გარდა ამისა ბოკერია ამბობს იმასაც, რომ  საქართველო ისეთ სანქციებს არ უნდა შეუერთდეს, რომლებიც ქართველების ინტერესებს დააზარალებს.

"პირდაპირი ავიარეისები ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი 1 მილიონი ქართველისათვის არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ფაქტორი. ვინ იფრენს და როგორ იფრენს ეს შეთანხმებას უნდა მოჰყვეს  და უნდა იყოს რეგულირებული ვინ არა, ეს საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, გეთანხმებით...

ყველა სანქცია უნდა იყოს უწინარეს ყოვლისა ქართველი ადამიანის, უბრალო ადამიანის მოსაზრების და მისი ინტერესების გაზიარება. თუ სანქცია ქართველი ადამიანის წინააღმდეგაა, ეს სანქცია მეც არ მჭირდება. ამიტომაა რომ დღევანდელ ქართველ მთავრობას მხარს ვუჭერ იმაში, რომ უწინარეს ყოვლისა უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული" - თქვა ბოკერიამ.