Fitch Ratings-მა თიბისი დაზღვევის სადაზღვევო ფინანსური მდგრადობის რეიტინგი და გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი 'BB' დონეზე დაადასტურა. ორივე რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურია.

თიბისი დაზღვევის რეიტინგები კვლავ ასახავს კომპანიის მაღალ საინვესტიციო რისკს, ზომიერ სარეზერვო რისკებსა და გადაზღვევის გამოყენებას, ასევე მის ლიდერ პოზიციას საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, ადეკვატურ კაპიტალიზაციას და ძლიერ ფინანსურ შედეგებს. 

,,კომპანიის საინვესტიციო პორტფელი კვლავაც მნიშვნელოვნად არის კონცენტრირებული შიდა ბაზარზე, ძირითადად ადგილობრივ ბანკებში განთავსებული დეპოზიტებისა და ადგილობრივი კომპანიების ობლიგაციების მეშვეობით. ამასთან, პორტფელში მაღალია დაკავშირებულ მხარეებში განხორციელებული ინვესტიციების წილიც. საინვესტიციო პორტფელი ძირითადად შედგება შიდა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებისგან, რომელთა საშუალო შეწონილი რეიტინგი 'BB'-ს შეადგენს. ინვესტიციების უდიდეს ნაწილს ადგილობრივ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები წარმოადგენს. 2025 წლის მდგომარეობით, ობლიგაციები საინვესტიციო პორტფელის 10%-ს შეადგენდა, ხოლო 38% აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციებზე მოდიოდა. ამასთან, თიბისი დაზღვევას დაკავშირებულ მხარეებში ინვესტიციების მაღალი კონცენტრაციაც აქვს - 2025 წლის ბოლოს კომპანიის ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და თიბისი ბანკის ობლიგაციები საინვესტიციო პორტფელის 55%-ს შეადგენდა", - წერს Fitch Ratings-ი.

Fitch ასევე აღნიშნავს, რომ თიბისი დაზღვევა საქართველოს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. 2025 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო წილი 18.8%-ს შეადგენდა. არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით კომპანიის საქმიანობა ძირითადად ავტოდაზღვევაზე, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ქონების დაზღვევაზე არის კონცენტრირებული, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის ბიზნესის ძირითადი ნაწილი მსესხებელთა დაზღვევას მოიცავს, რომელიც თიბისი ბანკის მომხმარებელთა ბაზას ეყრდნობა.

Fitch-ის შეფასებით, თიბისი დაზღვევის ბიზნესპროფილი ასახავს კომპანიის ძლიერ პოზიციას ადგილობრივ ბაზარზე, კარგ ბიზნესდივერსიფიკაციას, ზომიერ რისკის პროფილს, თუმცა ასევე ითვალისწინებს, რომ მისი ოპერაციული მასშტაბი რეგიონის ზოგიერთ კონკურენტ კომპანიასთან შედარებით უფრო მცირეა.